ირმის ნახტომის ამოზნექილობაში უკიდურესად მასიური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
NASA-ს სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპით მიკროლინზირების მოვლენაზე დაკვირვების შედეგად, ასტრონომებმა აღმოაჩინეს უკიდურესად მასიური ეგზოპლანეტა, რომელიც ირმის ნახტომის ამოზნექილობაში (ბალჯი) მდებარე ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს.
ახლად აღმოჩენილ პლანეტას OGLE-2016-BLG-1190Lb უწოდეს და წარმოადგენს სპიტცერის მიერ გალაქტიკურ ამოზნექილობაში მიკროლინზირებით ნაპოვნ პირველ ეგზოპლანეტას. აღმოჩენის შესახებ დოკუმენტი 27 ოქტომბერს აიტვირთა რეზენცირებამდელ სერვერ arXiv.org-ზე.
მიკროლინზირება ძალიან გამოსადგეი მეთოდია ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად გალაქტიკის შიდა დისკოსა და ამოზნექილობაში, სადაც პლანეტების სხვა მეთოდებით ძებნა საკმაოდ რთულია. უკანა ფონზე მდებარე ვარსკვლავების შუქის გამოქყენებით, ის აადვილებს შორეულ ობიექტთა აღმოჩენას. თუკი ერთი ვარსკვლავი მეორის წინ ჩაივლის, მათგან უფრო შორს მდებარის შუქს უახლოესი ვარკვლავის გრავიტაცია ამრუდებს და შედეგად, შორეული ვარსკვლავი გადიდებული ჩნდება. მიკროლინზირება არ ემყარება მასპინძელ ვარსკვლავთა შუქს, შესაბამისად, მას შეუძლია პლანეტათა აღმოჩენა, მაშინაც კი, თუ ვერ ხერხდება თავად მასპინძელი ვარსკვლავების დაფიქსირება.
პლანეტა OGLE-2016-BLG-1190 აღმოაჩინეს 2016 წლის ივნისში, ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტის (OGLE) ფარგლებში. OGLE პოლონური ასტრონომიული პროექტია, რომელსაც ვარშავის უნივერსიტეტი ახორციელებს და მისი მთავარი მიზანი ბნელი მატერიისა და მზის სისტემის მიღმა პლანეტების ძებნაა. ამისათვის იყენებს ჩილეში, ლას-კამპინასის ობსერვატროაში განთავსებულ 1,3-მეტრიან ვარშავის ტელესკოპს.
სპიტცერი მიკროლინზირების ამ მოვლენას აღმოჩენიდან რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდა. როგორც ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი აღნიშნავს, სპიტცერის დაკვირვებების შედეგად დაფიქსირდა ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მასიური პლანეტა.
კვლევის მიხედვით, OGLE-2016-BLG-1190Lb უკიდურესად მასიური პლანეტა უნდა იყოს, 13,4 იუპიტერის მასით. ასეთი მაღალი მასა ამ ობიექტს მძიმე წყალბადის წვის ლიმიტთან ათავსებს — პლანეტებისა და ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავების პირობით საზღვართან. აქედან გამომდინარე, მკვლევრები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ახლად აღმოჩენილი პლანეტა შეიძლება დაბალმასიანი ყავისფერი ჯუჯა იყოს.
OGLE-2016-BLG-1190Lb თავის დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, დაახლოებით 2 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან (ასტრონომიული ერთეული = მანძილი დედამიწასა და მზეს შორის). ეს ვარსკვლავი G-ტიპის ჯუჯაა 0,89 მზის მასით. სისტემა მდებარეობს დედამიწიდან 22 000 სინათლის წლის მანძილზე.
კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ OGLE-2016-BLG-1190Lb პირველი პლანეტაა, რომელიც სპიტცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა მიკროლინზირების მეთოდით აღმოაჩინა. გარდა ამისა, ეს პლანეტა გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ თავსდება ზუსტად ე. წ. ყავისფერი ჯუჯების უდაბნოს კიდეზე, სადაც ისმის კითხვა — ასეთი ობიექტები მართლაც პლანეტებია თუ არშემდგარი ვარსკვლავები.
„იქიდან გამომდინარე, რომ ყავისფერ ჯუჯათა უდაბნოს არსებობა ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმაციის განსხვავებული მექანიზმების ხელწერაა, OGLE-2016-BLG-1190Lb უკიდურესი სიახლოვე ამ უდაბნოსთან, წარმოშობს კითხვას, არის თუ არა ის მართლაც პლანეტა (ფორმაციის მექანიზმით); ამის გარკვევას დიდი მნიშვნელობა ექნება გალაქტიკაში პლანეტების გადანაწილების შესწავლის თვალსაზრისით“, — წერია კვლევაში.
მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით