ირმის ნახტომის ახალ ფოტოზე 3,32 მილიარდი ციური სხეული ჩანს — #1tvმეცნიერება
ფოტო, რომელსაც ზემოთ ხედავთ, ორწლიანი მუშაობის შედეგია — 10 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემები, 21 400 ცალკეული ექსპოზიციის კომბინაცია; შედეგად მიღებულ სურათზე კი ასახულია 3,32 მილიარდი ციური სხეული.
კოსმოსის ამ თვალწარმტაცი კადრისთვის უნდა ვუმადლოდეთ ბნელი ენერგიის კამერას (DECam), ხელსაწყოს, რომელიც ჩილეში, სერო-ტოლოლოს ინტერამერიკული ობსერვატორიის (CTIO) 4-მეტრიან ტელესკოპზეა დამონტაჟებული.
სურათი კოსმოსის ამ კონკრეტული ნაწილის იმდენ დეტალს გვთავაზობს, როგორც არც ერთი სხვა კადრი აქამდე — მოიცავს მთლიანი ღამის ცის დაახლოებით 6,5 პროცენტს და ფოკუსირებულია ირმის ნახტომის გალაქტიკურ სიბრტყეზე, სადაც თავს იყრის გალაქტიკის მასის დიდი ნაწილი.
„წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ უბრალოდ მივმართეთ იმ რეგიონს, რომელიც გამორჩეულად მკვრივია ვარსკვლავებით და ვფრთხილობდით იმ წყაროების იდენტიფიცირებისას, რომლებიც თითქმის ერთმანეთზე გადადებული ჩანს. შედეგად მივიღეთ ერთი კამერით გადაღებული ისტორიაში უდიდესი ასეთი კატალოგი დაკვირვებულ ობიექტთა რაოდენობის თვალსაზრისით“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომი ენდრიუ საიდიარი.
ასეთ მაღალ სიმკვრივეს თან ახლდა რამდენიმე პრობლემაც: კოსმოსური მტვრის ვრცელ ზოლებს და კაშკაშა ვარსკვლავთა ნათებას უფრო მკრთალ ობიექტთა სინათლის მთლიანად დაბლოკვა შეუძლია. ეს პრობლემები DECam-მა ოპტიკური და ახლო-ინფრაწითელი ტალღის სიგრძეების გაზომვით დაძლია.
მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოიყენა მონაცემთა დამუშავების სპეციალური მეთოდი, რათა უკეთ დაედგინა, როგორი იქნებოდა თითოეული ვარსკვლავის ფონი; შედეგად, ისინი უფრო მეტ ვარსკვლავს დააკვირდნენ დიდი სიმკვეთრით, რამაც სურათის საერთო სიზუსტე გაზარდა.
ცის კატალოგიზაციის სხვა პროგრამებთან, მაგალითად, პროექტ Pan-STARRS-სთან კომბინირების შედეგად, ტელესკოპების უახლესი ტექნოლოგია სამყაროს უპრეცედენტო ხედებს გვთავაზობს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის თავად სამყაროს შესახებ.
„Pan-STARRS 1-ის სურათებთან შეჯერების შემდეგ, მივიღეთ ირმის ნახტომის დისკოს 360-გრადუსიანი პანორამული ხედი და მივწვდით გაცილებით მკრთალ ვარსკვლავებსაც. ა, ახალი კატალოგით, შეგვიძლია შევქმნათ ირმის ნახტომის ვარსკვლავებისა და მტვრის უპრეცედენტოდ დეტალური, სამგანზომილებიანი რუკა“, — ამბობს კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი ედუარდ შლაფლი.
შედეგები უბრალოდ ფანტასტიკურია და ლოდინად ნამდვილად ღირდა. პროგრამის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები ყველასთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
DECam-ი ბნელი ენერგიის კვლევის მიზნით შექმნეს, რათა უკეთ შევისწავლოთ ეს ამოუცნობი ძალა, რომელიც მკვლევართა აზრით, მთელ სამყაროს მართავს.
კვლევა Astrophysical Journal Supplement Series-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია noirlab.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.