ირმის ნახტომი გადაჭედილია ტოქსიკური კოსმოსური ცხიმით - ასტრონომთა აღმოჩენა
თუ ერთ მშვენიერ დღესაც ვარსკვლავთშორის სივრცეში გავლას შევძლებთ, შესაძლოა, ცხიმების ძლიერი დამშლელი დაგვჭირდეს. როგორც ახალი კვლევის შედეგად ირკვევა, კოსმოსის ვრცელი ინტერვალები ყოველთვის მშრალი მტვრით გადაჭედილი როდია. მის ნაცვლად, ხშირად იქ ცხიმის მოლეკულებისგან წარმოქმნილი ნისლია.
ცხიმი კი კოსმოსში ნამდვილად ბევრია. მხოლოდ ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი, 10 მილიარდ ტრილიონ ტრილიონ ტონა კოსმოსურ ცხიმს შეიცავს. მაგრამ სინამდვილეში, ეს უფრო გარკვეული ჭვარტლის ცხიმოვანი ფორმაა და რა თქმა უნდა, საკვებად უვარგისია.
„ამ სახის ცხიმს თქვენ ნამდვილად ვერ წაუსვამთ პურზე. ის ბინძურია, დიდი ალბათობით ტოქსიკური და ყალიბდება მხოლოდ ვარსკვლავთშორისი სივრცის გარემოში (და ლაბორატორიებში). ასევე დამაინტრიგებელია ის ფაქტი, რომ ამ გარემოში ასე უხვადაა ამ სახის ორგანული ნივთიერება, რომელიც ძირითადად პლანეტარულ სისტემებშია წარმოდგენილი“, — ამბობს ქიმიკოსი ტიმ შმიდტი.
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსისა და თურქეთის ეგეს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი სინამდვილეში, ვარსკვლავთშორის სივრცეში ნახშირბადის არსებობას იკვლევდა.
ნახშირბადი გადამწყვეტი ელემენტია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის. უფრო მეტიც, დედამიწაზე არსებული სიცოცხლე სწორედ ნახშირბადზეა დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებული არ იყვნენ კოსმოსში ნახშირბადის ოდენობასთან დაკავშირებით.
მკვლევართა თქმით, თავის ბუნებრივ ფორმაში მხოლოდ ნახშირბადის ნახევარი გვხვდება. დანარჩენი გადანაწილებულია ორ ფორმაში — არომატულში და ალიფატურში (ცხიმის მსგავსი).
იმის გასარკვევად, თუ რამდენი ნახშირბადია კოსმოსში, მკვლევართა ჯგუფმა ლაბორატორიაში შექმნა კოსმოსური მტვრის ანალოგი და მისი შემადგენლობის გარკვევა გადაწყვიტეს.
მათ გაიმეორეს ვარსკვლავებისგან ნახშირბადის ნაკადების გამოდინების პროცესი. ეს ნაკადები ორგანულ მოლეკულებს წარმოქმნიან ნახშირბადით დატვირთული პლაზმის საშუალებით, დაბალი ტემპერატურის მქონე ვაკუუმში. ამის შემდეგ, მიღებული ნივთიერება შეაგროვეს და ანალიზები ჩაუტარეს.
როცა კოსმოსში ალიფატურ ნახშირბადს რადიაციის წყაროს ფონზე ვუყურებთ, წარმოიქმნება სპეციფიკური ინფრაწითელი სპექტრული შთანთქმის მახასიათებლები. სპექტროსკოპიისა და მაგნიტური რეზონანსის გამოყენებით, ჯგუფმა განსაზღვრა, რამდენად ახლოს დაემთხვეოდა მათ მიერ ლაბორატორიაში შექმნილი ნივთიერება ვარსკვლავთშორისი სივრცის მტვერს.
„იმის გამო, რომ ის უკვე ხელთ გვქონდა, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შევძელით იმის გარკვევა, თუ რამდენად ძლიერ შთანთქავს ეს ცხიმოვანი ნახშირბადი სინათლეს“, — უთხრა შმიდტმა ABC-ს.
მისი თქმით, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი უნდა გამხდარიყო იმის დადგენა, თუ რა ოდენობის ნახშირბადია სხვადასხვა ვარსკვლავთა მიღმა, ვარსკვლავთშორის სივრცეში. უკვე ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდებოდა ზოგადად, კოსმოსში არსებული ნახშირბადის ოდენობის დადგენა.
როგორც შედეგებმა აჩვენა, წყალბადის ყოველ მილიონ ატომზე დაახლოებით 100 ცხიმოვანი ნახშირბადის ატომი მოდის. ეს ცხიმოვანი ნახშირბადი კი შეადგენს სამყაროში ხელმისაწვდომი ნახშირბადის დაახლოებით მეოთხედს.
შემდეგი საკითხი, რომლის გარკვევაც მკვლევრებს სურთ, არის არომატული ნახშირბადის ოდენობის დადგენა.
როგორც ჩანს, ეს საკითხი ზედმეტად გამომწვევი იქნება, მაგრამ შედეგები ამად ნამდვილად ღირს. ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებული ნახშირბადის ოდენობის გარკვევა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო ზუსტი გათვლები ჩაატარონ სიცოცხლის წარმოქმნისთვის აუცილებელი ნარჩენი ნახშირბადის ოდენობის დასადგენად.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია abc.net.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.