ირმის ნახტომი ბგერის სიჩქარეზე სწრაფად იზრდება
ირმის ნახტომი ბგერის სიჩქარეზე სწრაფად იზრდება

ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი ბგერის სიჩქარეზე სწრაფად იზრდება, რადგან მის კიდეებზე გამუდმებით, მყისიერად ჩნდებიან ახალი ვარსკვლავები. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

„ირმის ნახტომი ისედაც საკმაოდ დიდია, მაგრამ როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, ნელ-ნელა ზომაში იზრდება როგორც მინიმუმ მისი ხილული ნაწილი, რადგან გალაქტიკის კიდეებზე წარმოიქმნება ახალი ვარსკვლავები“, — ამბობს კვლევის ავტორი, კანარის კუნძულების ასტროფიზიკის ინსტიტუტის დოქტორობის კანდიდატი კრისტინა მარტინეს-ლომბილია.


მისი თქმით, ზრდა სწრაფი არ არის, მაგრამ დაახლოებით 3 მილიარდი წლის შემდეგ, ჩვენი გალაქტიკა ამჟამინდელზე 5 პროცენტით დიდი იქნება.

ირმის ნახტომი სპირალური გალაქტიკაა. მისი სიგანე 100 000 სინათლის წელია და შეიცავს ასობით მილიარდ ვარსკვლავს. გალაქტიკის ზრდის მაჩვენებლის პირდაპირ გაზომვა რთულია, რადგან ჩვენ დაახლოებით მის შუაგულში ვიმყოფებით, ამიტომ მარტინეს-ლომბილია და მისი ჯგუფი სხვა სპირალურ გალაქტიკებს დააკვირდა.

მკვლევრებმა შეისწავლეს რამდენიმე სხვა სპირალური გალაქტიკის გარე მისადგომები, რისთვისაც გამოიყენეს Sloan Digital Sky Survey-ის მიერ შეგროვებული ოპტიკური მონაცემები, ისევე როგორც NASA-ს გალაქტიკათა ევოლუციის მკვლევრის ა(GALEX) და სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემები.


ვარსკვლავების დაბადებისა და მოძრაობის მაჩვენებლებზე დაკვირვება მიუთითებდა, რომ ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკები ფართოვდება დაახლოებით 1770 კმ/სთ სიჩქარით, რაც 1,4-ჯერ აღემატება დედამიწაზე, ზღვის დონეზე ბგერის გავრცელების სიჩქარეს.

ირმის ნახტომის შემთხვევაში, შედარებით ნელ ზრდას 4 მილიარდი წლის შემდეგ სრულ ქაოსში მოაქცევს ერთი დრამატული მოვლენა — სპირალურ გალაქტიკა ანდრომედასთან შეჯახება. ასტრონომთა თქმით, ამ ორი გალაქტიკის შეჯახების შედეგად წარმოიქმნება მეგაგალაქტიკა „მილკომედა“.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით