ირმა ნადირაშვილი - პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, პოლიციელები და მოქალაქეები ვეღარ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ
ირმა ნადირაშვილი - პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, პოლიციელები და მოქალაქეები ვეღარ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ

„ევროპული საქართველო“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს ეხმაურება. პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საქმე ეხება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას.

მისი თქმით, ეს სამართალდამცველებს მოტივაციას უკარგავს, მოქალაქეებს კი – უსაფრთხოების შეგრძნებას.

„ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ დევაძის გათავისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდება, რომლებიც მას მფარველობენ, კონკრეტულად კი ლავას ოღლის.

„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი, როდესაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ოთხი წელი გაატარა 12 წლის ნაცვლად და პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისი შეწყალება. ასეთი საკითხები არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, ასეთი გადაწყვეტილებების გამო პოლიციელები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რადგან პოლიციის ვალია საქართველოს მოქალაქეების დაცვა. იმისთვის, რომ უფრო კარგად იყოს კონტრასტი წარმოჩენილი, მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ფონზე ციხეში ზის მამალაძე, რომლის დანაშაულზეც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ჩაიდინა თუ არა მან ეს დანაშაული და ეს საქმე არის ძალიან ბუნდოვანი. ციხეში ზის ბატონი ნაკანი, რომელიც არის სპეცრაზმის უფროსი, ადამიანი რომელიც არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია, რომელიც საკუთარი მკერდით იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უდო ეხება და უარს ეუბნებიან. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უსინდისო, უპასუხისმგებლო და არ არის ჩვეულებრივი მოქალაქეების პრეზიდენტი, ის არის ქურდების პრეზიდენტი, რადგან შეწყალებული სწორედ ბატონი ლავას ოღლის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია. ის არის ლავას ოღლის დაჯგუფების წევრი, კრიმინალური ავტორიტეტის, რომელიც აგვარებს შავ საქმეებს ბათუმში და ეხმარება არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“. როდესაც შენ იყენებ კრიმინალურ სამყაროს არჩევნებზე, ცხადია, ვალში ხარ მასთან და სწორედ ამ ვალის გადახდად შეგვიძლია, შევაფასოთ დევაძის შეწყალება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.