ირმა ინაშვილი - ვიდრე მერაბიშვილი დამხობაზე ლაპარაკს დაიწყებს, შევახსენებ, ეს ქვეყანა მარტო არ არის
ირმა ინაშვილი - ვიდრე მერაბიშვილი დამხობაზე ლაპარაკს დაიწყებს, შევახსენებ, ეს ქვეყანა მარტო არ არის

„ქართული ოცნების“ ყველაზე მთავარი დანაშაული, რომელზეც მან პასუხი უნდა აგოს, სწორედ ის არის, რომ სააკაშვილები და მერაბიშვილები სათანადოდ არ დასაჯა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ისევ ვამბობ: ახალგაზრდა თაობამ თვალნათლივ იხილა: კაცმა შეიძლება მილიარდები მოიპაროს, ასობით ათასი ადამიანი გაასამართლოს, ასობით ადამიანი აწამოს, უშუალოდ მიუძღვოდეს წვლილი ადამიანთა მკვლელობაში და ამავდროულად, ან საერთოდ არ დაისაჯოს, როგორც ეს სააკაშვილის მაგალითზე ვიხილეთ, ან 7 წლის თავზე ციხე დატოვოს და ხელისუფლების დამხობით დაგვემუქროს. აი, ეს მაგალითი მისცა ხელისუფლებამ ახალ თაობას. ისე, ვიდრე ვინმე… და მათ შორის, მერაბიშვილი, დამხობაზე ლაპარაკს დაიწყებს, შევახსენებ, რომ ჩვენი მოკვლა ვერ მოასწრეს თავის დროზე. ჩვენც აქ ვართ, ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა მარტო არაა, არც თქვენს მიერ ნაწამები ხალხია მარტო. საქართველოს ყველაფერი კარგად ახსოვს და ეს საქართველო გაგცემთ პასუხს“, – წერს ირმა ინაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.