ირმა ინაშვილი - თუ სასამართლოს რეფორმას მურუსიძეებთან ერთად ვატარებთ, ეს რეფორმა არ გამოვა
სამართლიანი სასამართლო უსამართლო მოსამართლეებთან ერთად წარმოგიდგენიათ?, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„პრობლემის სათავე სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილ-ბოკერიას და ამ ხალხის მმართველობისას გაჩნდა, როდესაც მათ მოსამართლის პროფესია ინსტრუმენტად აქციეს, მოსამართლეები დანაშაულებრივ საქმეებში ჩართეს და მოსამართლე მათი შავი საქმეების გასათეთრებლად ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. 2012 წლამდე ამ პრობლემით და იმ იმედით მოვედით, რომ ეს შეიცვლებოდა. დაიწყო რეფორმები, მაგრამ რეფორმას მურუსიძეებთან ერთად ვატარებთ?! მაშინ, ეს რეფორმა არ გამოვა“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, ე.წ ტალღებისა და რეფორმების შედეგად, ქვეყანამ მიიღო იუსტიციის საბჭო, რომელიც აბსოლუტურ კლანურ სტრუქტურად იქცა და საზოგადოება ამის ღია ნიშნებს ხედავს.
„ეს მოსამართლეები რომ ბრაზდებიან დღეს, კლანი რა არისო, კლანი ის არის, რაც რამდენიმე დღის წინ, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე ვიხილეთ, რომელიც თავისი სტილითა და პათოსით ძალიან ჰგავდა ბოლშევიკური პარტიის ყრილობებს“, – განაცხადა ინაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ სასამართლოს თემა მისთვის ძალიან პრინციპულია, რატომ დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რითაც „ქართული ოცნება“ გააძლიერა, რომლის გავლენიანი ნაწილის პოლიტიკური ნება, როგორც ჩანს, მოსამართლეთა ამბის ისე მოგვარებაა, როგორც მას არ სურს, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეს დაკავშირება არასწორია.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ არა პარტია „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს და პერსპექტივას, რომელიც ნაცმოძრაობის, სააკაშვილ-ბოკერიების ხელში არ უნდა ჩავარდნილიყო. ჩვენ აი, ამ საფრთხეზე ვთქვით უარი. არ ვიცი, რა ლოგიკასთან აკავშირებთ არჩევნების მეორე ტურში ჩვენს მონაწილეობასა და სალომე ზურაბიშვილისადმი ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ მე და ჩემს გუნდს ყოველთვის ერთი ლოგიკა გვქონდა. ეს იყო ის, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი, ქვეყნის პერსპექტივა და მომავალი სააკაშვილ-ბოკერიების ხელში არ ჩავარდნილიყო, რისი საფრთხეც ნამდვილად იყო“, – განაცხადა ინაშვილმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ერთგვარი თამაშის საგანი გამხდარიყო და „პატრიოტთა ალიანსს“ მმართველი პარტია იძულებული გაეხადა, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დათმობაზე წასულიყო, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ვაჭრობაა, პოლიტიკა კი გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაა და არა ვაჭრობა.
„მაშინ ჯერ დღის წესრიგში არ იდგა ეს საკითხი, რომ სია შემოვიდოდა და ამ სიაში ზუსტად ეს ოდიოზური მოსამართლეები იქნებოდნენ და, რომ მივწოლოდით, რას უნდა მივწოლოდით?! ასეთი ქმედებები – ვაჭრობა, გარიგება და რაღაცაზე ლაპარაკი, მე მხარს დაგიჭერთ და თქვენ იუსტიციის საბჭო დაშალეთ, არაგონივრული და არასწორია, რადგან თუ იბრძვი, იმ კონკრეტულ მომენტზე და კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად უნდა იბრძოდე. ჩვენ, დიახ, დავამარცხეთ სააკაშვილ-ბოკერიების ამბიცია, მეორე ტურში საპრეზიდენტო ინსტიტუტი ხელში ჩაეგდოთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.