ირმა ინაშვილი - „თიბისი ბანკის“ საქმეზე მეტი ფაქტი, მტკიცებულებაა საჭირო, რათა დასკვნამდე მივიდეთ
მნიშვნელოვანია, მეტი სიმართლე გაირკვეს „თიბისი ბანკის“ თემასთან დაკავშირებით, მეტი მკაფიოობაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადებები არ არის მკაფიო და კონკრეტული.
„ჩემი აზრით, მეტი მკაფიოობაა საჭირო. დეტალებშია საძიებელი, რა ხდებოდა. მთელი წინა ისტორია არის გასაანალიზებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მეტი სიმართლე გაირკვეს ამ თემასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა საერთოდ. თავისთავად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და კითხვები არ უნდა დარჩეს, მაგრამ მე მაინც მაკლია რაღაც, მეტი მინდა ვიცოდე – იცით, მებრძვიან? ეს უკვე საინტერესოა, მეტი დეტალიზაციაა საჭირო – ვინ გებრძვის? რატომ გებრძვის? მეტი ფაქტი, მეტი მტკიცებულებაა საჭირო, რათა დასკვნამდე მივიდეთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ასევე, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის“ ვალი.