ირმა ინაშვილი - სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა, რომ არავითარი წერილებისა და ცილისწამების არ ეშინია
ირმა ინაშვილი - სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა, რომ არავითარი წერილებისა და ცილისწამების არ ეშინია

სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ძალზე სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ხაზი გაუსვა, რომ არაფრის ეშინია, არავითარი წერილებისა და ცილისწამების, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

„მინდა, პროცესს შევხედოთ ფართო პანორამაში. იყო მამალაძის წერილი და ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე რაღაც საშინელება გავრცელდება. გამოვარდა მეუფე იაკობი განცხადებით. ყველაფერი ეს გამოყენებული იყო იმ საერთო საინფორმაციო ომში ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, მეუფე იაკობის განცხადებებიც, დეკანოზ მამალაძის წერილიც, რომელშიც არავინ იცის, რა წერია. საპატრიარქომ რამდენჯერმე თქვა, რომ არავის ეშინია ამ წერილის გამოაქვეყნების, მაგრამ ამ ყველაფერმა შეიძინა შანტაჟის სახე პატრიარქისადმი და სინოდისადმი. დღეს სინოდმა ძალზე სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როცა მიმართა დეკანოზის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს. ამით ხაზი გაუსვა, რომ არაფრის ეშინია, არავითარი წერილებისა და ცილისწამების“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“. ამასთან, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.