ირმა ინაშვილი - „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, რაც დანაშაულია და დასჯადია
„ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„აქ საუბარი აღარ არის მხოლოდ პარტიების რეიტინგზე. „ენდიაის“ კვლევა და ქალბატონი თორტონის საქართველოში საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს ე.წ. კვლევა არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ანგაჟირებული და ცალმხრივი. ეს თავხედობა უნდა დამთავრდეს. ქალბატონი თორტონი არ არის თავისუფალი. დიახ, ეს კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია. პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ტყუილს უპირისპირდება.
„ჩვენ ვუპირისპირდებით მცდელობას, გარკვეულმა ჯგუფებმა ჩვენს ქვეყანას თავს მოახვიონ აბსოლუტურად ვირტუალური რეალობა, რაც მოწყვეტილია სინამდვილეს, ქართველი ხალხის რეალურ განწყობას. ეს ახლა არ დაწყებულა და ჩვენში ეს პროტესტიც დღეს არ გაჩნდა. „ენდიაის“ და აიარაის თბილისის ფილიალების საქმიანობაზე ვსაუბრობ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ ორგანიზაციების კვლევებისადმი საზოგადოებაში სრული უნდობლობაა. ქართული საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ მათი არც ერთი პროგნოზი და კვლევის შედეგი არ გამართლებულა და ცდომილება უზარმაზარ მასშტაბშია“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში განსაკუთრებით არის გამოკვეთილი ამ ორი ორგანიზაციის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა.
„მგონი, უკვე პატარა ბავშვიც ხვდება, რომ ამ ქვეყანაში ის რეალობა არ არის, რა პროცენტებსაც თავს გვახვევს ამ შემთხვევაში „ენდიაი“, რომელმაც ბოლო კვლევა გამოაქვეყნა. პირდაპირ ჩანს მცდელობა, რომ კვლავ სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები და მათთან მიბმული პარტიები გაიტანონ, დაეხმარონ და დააწინაურონ. ეს ყველაფერი ღიად ჩანს. თუ ადრე იყო მცდელობა, ეს პროცენტები რაღაცნაირად შეელამაზებინათ, დღეს სრულიად ცინიკური გზით წავიდნენ და უკვე ქართველი ხალხი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის შემდეგ უზარმაზარი მასშტაბის გამოკითხვა ჩაატარა საქართველოს სამ დიდ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში და ამ კვლევამ ტენდენციებთან ერთად რეალური რეიტინგებიც აჩვენა.
„ჩვენ პრაქტიკულად, სახალხო რეფერენდუმი ჩავატარეთ ამ სამ დიდ ქალაქში. 214 000 ადამიანი გამოვკითხეთ და ეს სეგმენტი, 214 000 ადამიანი არ არის ავატარების ერთობა. ესენი არიან კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც ანკეტას ავსებენ და აფიქსირებენ, რომელ პარტიას უჭერენ მხარს. სხვათა შორის, იქ შეკითხვები „ენდიაისა“ და „აიარაისთან“ დაკავშირებითაც არის და მათ კვლევებს გამოკითხულთა მხოლოდ 3 % ენდობა, ხოლო 80,1% აბსოლუტურად არ ენდობა. არის სეგმენტი, რომელიც „ენდიაის“ არასდროს გამოუკითხავს. მარტო ის კი არა, არც მისი ახლობელი გამოუკითხავს, არც ნაცნობი და ა.შ.“, – განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ეს დოკუმენტაცია ღიად გამოიტანა ბრიფინგებზე და მედიას საშუალება ჰქონდა, ნებისმიერი ფურცელი გადაემოწმებინა, „ენდიაი“ კი ამას არასდროს აკეთებს.
„ეს გააკეთოს „ენდიაიმ“. დააკვირდით, მისი მასშტაბი როგორია – 1800-დან 2 000-მდე რესპოდენტი და ისიც ინკოგნიტო, ფარული. ვფიქრობ, ეს ბაზა საერთოდ არ არსებობს და პირდაპირ მონაცემებს წერენ, რაც მათ უნდათ. ამ შემთხვევაში, ქალბატონ თორტონს უნდა, სააკაშვილი და ბოკერია დააწინაუროს. დიახ, უნდა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიას მხოლოდ 6,3% უჭერს მხარს, ბოკერიას პარტიას 0,48%, ნათელაშვილს კი 0,2%. აი, რა არის მათი რეალური რეიტინგი. ამ ორბიტაზე მიბმული 29 თუ 30 პარტიის რეიტინგი ჯამში, 1,3%-ია“, – განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საზოგადოების მხრიდან „ენდიაისა“ და „აიარაის“კვლევების მიმართ სრული უნდობლობაა, კვლევები უნდა შეჩერდეს და ამ ორგანიზაციების მხრიდან მათი ტირაჟირება უნდა შეწყდეს.
„ქვეყნის შიგნით უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ტყუილი დავანგრიოთ და აქ ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, ქვეყნის გარეთ კი, იმედი მაქვს, პირველ რიგში, აშშ-ის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს დაინახავს ქართველ ხალხს და დაინახავს იმას, თუ რაოდენ დიდია ქართველი ხალხის გაბრაზება საქართველოში ამერიკული ორგანიზაციების კვლევების მიმართ. ჩვენ არ ვართ საცდელი ლაბორატორია. არ ვართ ლორა თორტონის, დევიდ კრამერის, ვიღაც შენემანის და სხვების, ამ ტიპების საცდელი ლაბორატორია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, დიდი მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ამ თემით დეტალურად დაინტერესდება.