ირმა ინაშვილი - დასრულდება საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძალიან გვაზიანებდა დასავლეთის თვალში
ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, საგარეო პოლიტიკის კუთხით გვაქვს უამრავი გამოწვევა, ქვეყანაში არის მძიმე სოციალური გაჭირვება, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ორი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს ხშირად მოუწოდებდა დაბრუნებულიყო და პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა აეღო.
„ბიძინა ივანიშვილი როდესაც მიდიოდა პოლიტიკიდან, განაცხადა, დიდი უბედურება უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ დავბრუნდეო და ეს დაემსგავსება მეორედ მოსვლასო. ეტყობა, ეს დიდი უბედურება ხდება უკვე. მე ვიცი ეს და ამაზე საჯაროდ ვლაპარაკობ. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, საგარეო პოლიტიკის კუთხით გვაქვს უამრავი გამოწვევა, ქვეყანაში არის მძიმე სოციალური გაჭირვება, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ორი წლის განმავლობაში ხშირად მოვუწოდებდი დაბრუნებულიყო და პოლიტიკურ პროცესებზე აეღო პასუხისმგებლობა. რატომ არის ეს კარგი? პირველ რიგში, დასრულდება საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძალიან გვაზიანებდა დასავლეთის თვალში, მეორე – ყველას ეცოდინება თავისი ადგილი, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასთან“ მიკერებულ-პორტირებულებს, რომლებიც სარგებლობდნენ ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის სახელით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს თავად შესთავზა, პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.