ირმა ინაშვილი - არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა, აქეთ ხართ დასაცავები, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები
არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა, აქეთ ხართ დასაცავები, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები, – ასე მიმართა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის.
ირმა ინაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატების განცხადებები შეაფასა.
როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა განაცხადა, მამუკა მდინარაძემ და გია ვოლსკიმ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის დაპირისპირებაზე სამარცხვინო კომენტარები გააკეთეს.
„დღეს მთელი დღის მანძილზე ველოდებოდი, რომ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით რეაქცია ექნებოდათ პარლამენტიდან ჩემს კოლეგებს ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს, იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ არის სრული დუმილი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს. საქართველოს მთავრობას არ აქვს ღირსების გრძნობა.
პირდაპირ მინდა გამოვეხმაურო კოლეგებს უმრავლესობიდან, მამუკა მდინარაძისგან და გია ვოლსკისგან მოვისმინე სრულიად სამარცხვინო კომენტარები. მათ იმის უნარიც არ შესწევთ, რომ ამ ვითარებაში ჩემი სახით დაიცვან მათი კოლეგა. თუმცა, არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა. აქეთ ხართ დასაცავები. მათი გუშინდელი კომენტარები იყო სამარცხვინო, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, არც ერთი ქვეყნის დიპლომატს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ხელით შეეხოს.
„ამერიკის მოქალაქეს, დიპლომატს თურმე უფლება აქვს, ხელით შეეხოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ, ასევე მედიის წარმომადგენლები, მთელი ქვეყანა. მარტო ხალხია ამ შემთხვევაში ჩემი მოკავშირე და თანამოაზრე. არავინ გრძნობს თურმე თავს შეურაცხყოფილად. ბატონი კრამერი გვარად რომ კამაროვი ყოფილიყო, ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი ამ ქვეყანაში. ე.ი. ამერიკელი დიპლომატისთვის შეიძლება, რომ ხელით შეეხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და ეს რომ რუს დიპლომატს გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ეს არ ეკადრება და არ აქვს უფლება არც რუსს, არც ამერიკელს და არც არავის დედამიწის ზურგზე. მაგრამ ამის ხაზგასმა, ჩვენება არავის გსურდათ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული მედიის რაღაც ნაწილში ბოკერია-სააკაშვილების მხარდამჭერებს ვხედავ. ეტყობა, მოენატრა ზოგიერთ ჟურნალისტს დახურული ტელევიზიები და ტერორი მედიაზე და აღარ ახსოვს ის, რაც ხდებოდა სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმის დროს. ჩვენ არ გვენატრება ის დრო, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ბოკერია-კრამერები-სააკაშვილები იყვნენ საქართველოს დირექტორები. დღეს სწორედ ეს მცდელობაა, რომ საქართველოს თავზე მოაჯდნენ როგორც დირექტორები. ეს არ გამოვა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვიმოქმედებთ, პარლამენტში, პარლამენტს მიღმა, დიპლომატიური არხებით, სამოქალაქო აქტივობისა და პროტესტის გზით, რომ სწორედ ეს დირექტორობა, სააკაშვილ-ბოკერია-კრამერების დირექტორობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დევიდ კრამერს შეეძლო, უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო და მეტი კომპეტენცია წარმოეჩინა. ამასთან, აღნიშნა, რომ როდესაც კონფერენციაზე მიწვეული არ ხარ, არ უნდა მიხვიდე, რადგან ეს აგრესიას ქმნის და დამაზიანებელია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, ასევე არ მომეწონა დამოკიდებულება ქალისა და პარლამენტის წევრის მიმართ“.