თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა [ფოტო, ვიდეო]

ხმაური იყო თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე.

კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა.

ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან მივიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, რომელმაც ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ინაშვილის თქმით, გუშინ კონფერენციაზე მთელი დღის განმავლობაში „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ იყო საუბარი.

„გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.