ირმა ჭკადუას განცხადებით, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდება სასამართლოში არ დადასტურდება, შელახული რეპუტაციის აღდგენისთვის სამართლებრივ დავას დაიწყებენ
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ გამართლდება, აუცილებლად მოუწევთ პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მას პატივი, ღირსება და რეპუტაცია შეულახეს.
„ბატონი ბასილაშვილი გახლავთ საქართველოს სახელით მოასპარეზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი. ვიცით, რომ მისი იმიჯი გარკვეულწილად უკვე შეილახა და იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდება, აუცილებლად მოუწევთ პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მას პატივი, ღირსება და რეპუტაცია შეულახეს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილ მეუღლეს თანხას საკუთარი სურვილით უხდიდა.
„განქორწინება მოხდა ნიკოლოზ ბასილაშვილის სურვილით და არა მისი მეუღლის ინიციატივით, მაშინ რატომ არ იყო განქორწინებაზე თანახმა ნელი დოროყაშვილი, თუ მასზე ნიკოლოზი ძალადობდა. რატომ არასდროს მიუთითა, რომ მასზე ვინმე ძალადობდა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს დააკისრა ალიმენტი. ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად უზრუნველყოფს ბავშვის მოვლასა და დასვენებას. დამატებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი კეთილი სურვილის გამოხატულებით, საკუთარ ცოლს უთხრა, რომ გადასცემდა 100 000 დოლარს, რათა დაეწყო გარკვეული ბიზნესი, ასევე დამატებითი შემოსავლის გაჩენის მიზნით. აღნიშნული თანხიდან 15 ათასი დოლარი აქვს გადახდილი ხოლო 85 ათასი დოლარის გადახდა მას მორიგების აქტის საფუძველზე აქვს 2020 წლის ბოლომდე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს თანხას ნიკოლოზ ბასილაშვილი დუმილის სანაცვლოდ უხდიდა ყოფილ მეუღლეს, აქედან გამომდინარე მან მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაიხადოს აღნიშნული თანხა. ეს თანხა სასამართლოს არ დაუკისრებია და ეს არის ტყუილი“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.