ირლანდიის პარლამენტის სპიკერი - დიდ სარგებელს ვიღებთ ირლანდიაში ქართველთა შემოდინებით, რომლებსაც ღირებული წვლილი შეაქვთ ჩვენს ეკონომიკაში, ველოდებით თქვენთან თანასწორ პარტნიორობას ევროკავშირში
ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა შემოგთავაზოთ ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობისკენ, რომლითაც ირლანდიაში ასე ბევრი სარგებელი მივიღეთ გასული 50 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის სპიკერმა, შონ ო’ფარელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ირლანდიის დელეგაციის სახელით, მოხარული ვართ საქართველოში ყოფნით. კერძოდ, მადლიერი ვართ სპიკერის, რომელმაც ამდენი დრო დაგვითმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დისკუსიისთვის. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა შემოგთავაზოთ ჩვენი ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის წევრობისკენ, რომლითაც ჩვენ, ირლანდიაში ასე ბევრი სარგებელი მივიღეთ გასული 50 წლის განმავლობაში. 50 წლის წინ, როდესაც ირლანდია ევროკავშირს შეუერთდა, ჩვენ უღარიბესი წევრი ქვეყანა ვიყავით, დღეს ერთ-ერთი უმდიდრესი ვართ. ჩვენ აქ ასევე ვიმყოფებით, რათა ვისარგებლოთ შესაძლებლობით, დავაკვირდეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობას, სადაც ირლანდიელი სამოქალაქო ექსპერტები მუშაობენ თქვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ძალიან ამაყი ვართ იმით, რასაც ირლანდიელი მშვიდობისმყოფელები აკეთებენ საერთაშორისო მასშტაბით. ჩემთვის ცნობილია კონფლიქტების მოგვარების საჭიროების შესახებ, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია. იმ ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, რომელიც ოკუპირებული იყო 800 წლის განმავლობაში და ათწლეულობით განიცდიდა მკვლელობებს, არეულობას ჩვენს პატარა კუნძულზე. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 25 წელს მშვიდობის შეთანხმებიდან. ძალიან კარგია აქ ყოფნა. ჩვენ დიდ სარგებელს ვიღებთ ირლანდიაში ქართველთა ნაკადის შემოდინებით, რომლებიც მუშაობენ ჩვენი ეკონომიკის თითოეულ სფეროში და ღირებული წვლილი შეაქვთ ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაში და ველით თქვენთან თანასწორ პარტნიორობას, მზარდ და გაძლიერებად ევროკავშირში“, – განაცხადა ირლანდიის პარლამენტის სპიკერმა.