ირლანდიაში აბორტის ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმი იმართება
ირლანდიაში აბორტის ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმი იმართება

დასავლურ მედიაში კათოლიციზმის ბასტიონად წოდებულ ირლანდიაში კონსტიტუციის მერვე მუხლის ჩასწორების თაობაზე რეფერენდუმი იმართება. სამმილიონ-ნახევრმა ამომრჩეველმა დღეს უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა აბორტის ლეგალიზება ირლანდიაში.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. 12 საათის განმავლობაში, ირლანდიის მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი უნდა დააფიქსირონ. წინასწარი გამოკითხვებით, მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი, თუმცა ყოველი მეხუთე ამომრჩეველი ამბობს, რომ მათ ამ დრომდე გადაწყვეტილი არ აქვთ, რა არჩევანს გააკეთებენ რეფერენდუმზე.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა აბორტის ლეგალიზაციას მისცენ.

ირლანდიის კონსტიტუციაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ ჩასწორება 1983 წელს გაკეთდა. ამავე წლის 7 სექტემბერს, რეფერენდუმის გზით, მოსახლეობის 67%-მა გადაწყვიტა, რომ კათოლიკურ ირლანდიაში აბორტი კანონით უნდა აიკრძალოს. რეფერენდუმის შედეგი იმ პერიოდში მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან აბორტის საწინააღმდეგო კამპანიას ეკლესია 1980-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად ეწეოდა. მე-8 ჩასწორება აბორტს იმ შემთხვევაშიც კრძალავდა, თუ დედის ჯანმრთელობას ორსულობა საფრთხეს უქმნიდა.

ირლანდიის კონსტიტუციის მერვე ჩასწორება დედასა და მუცლადმყოფ ნაყოფს თანაბარ უფლებებს ანიჭებს. შესაბამისად, ნებისმიერ ვადაზე ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ირლანდიაში კანონით ისჯება. აღნიშნული კანონი ევროკავშირისა და გაეროს კრიტიკის სამიზნედ პირველად 1991 წელს იქცა, როდესაც ირლანდიის მთავრობამ სექსუალური ძალადობის მსხვერპლად ქცეულ 14 წლის გოგონას აბორტის ნება არ დართო.

ირლანდიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ალბერტ რეინოლდსი ევროკავშირის ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მშობლები ამბობდნენ, რომ მათი შვილი ორსულობის გამო თავის მოკვლას აპირებდა. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდა. ევროკავშირის ზეწოლის შედეგად, ირლანდიის უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციაში ჩასწორების ნებართვა გასცა. 1992 წლიდან ირლანდიის კონსტიტუციის 2013-ე აქტის თანახმად, აბორტი კანონით იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ორსულობა დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ზემოთ ხსენებულ საქმეს X-ის საქმე ეწოდა იმ მიზნით, რომ გოგონას იდენტიფიცირება არ მომხდარიყო. სწორედ X-ის საქმემ ირლანდიის მე-8 ჩასწორება შეცვალა.

მკაცრი კანონის მიუხედავად, იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებენ, არ შემცირებულა. ისინი აბორტის გასაკეთებლად ინგლისსა და უელსში მიემგზავრებიან. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1983 წლიდან 2017 წლამდე ინგლისსა და უელსში აბორტი ირლანდიის 168 ათას 703-მა მოქალაქემ გაიკეთა.

ქალთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ქალთა ფონდის ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმით წერია, რომ კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ ირლანდიის კონსერვატიულ საზოგადოებაში ქალების მიმართ სტიგმას აჩენს და მათ უფლებებს ლახავს.

2018 წლის მარტიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის თარიღი ცნობილი გახდა, ორი ურთიერთსაპირისპირო კამპანია ერთდროულად მიმდინარეობდა. ქალთა უფლებადამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, ხმა მისცენ კონსტიტუციის მე-8 ჩასწორების შეცვლასა და აბორტის ლეგალიზებას. აბორტის საწინააღმდეგო კამპანიაში ძლიერია კათოლიკური ეკლესიის როლი.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ირლანდიის მოსახლეობის 73% საკუთარ თავს მორწმუნეს უწოდებს. აღნიშნული მაჩვენებელი 2011 წლის მონაცემებთან შედარებით 9%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ბოლო კვლევებით ირკვევა, რომ ირლანდიაში ყოველი მეათე ახალგაზრდა საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევს.

კათოლიკური ეკლესიის გავლენის შესუსტება საზოგადოებაზე ქალთა უფლებადამცველებს აძლევს საშუალებას, ივარაუდონ, რომ 2018 წლის 25 მაისის რეფერენდუმი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს.

აბორტის აკრძალვის შესახებ მსგავსი მკაცრი კანონი ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ მალტას აქვს. დანარჩენ ქვეყნებში აბორტი ორსულობის მე-12 კვირამდეა დაშვებული, გამონაკლისი მხოლოდ ნიდერლანდებია, სადაც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ქალს 24-ე კვირამდე შეუძლია.