ირინა ტორონჯაძე - სელექციური აბორტი მენტალობის სიმახინჯეა, რადგან კაცის მორალური დაჯილდოება მაშინ ხდება, როცა ბიჭი ჰყავს, საზოგადოება ამას ახალისებს
ირინა ტორონჯაძე - სელექციური აბორტი მენტალობის სიმახინჯეა, რადგან კაცის მორალური დაჯილდოება მაშინ ხდება, როცა ბიჭი ჰყავს, საზოგადოება ამას ახალისებს

სელექციური აბორტი პატრიარქალური სისტემის, მენტალობის სიმახინჯეა, რადგან კაცის მორალური დაჯილდოება მაშინ ხდება, როცა მას ბიჭი ჰყავს და საზოგადოება ამას ახალისებს, – განაცხადა ქალთა უფლებების დამცველმა და ბლოგერმა, ირინა ტორონჯაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს ქალის პირდაპირი დისკრიმინაციაა. ეს არის მთლიანი სურათი. ჩვენ ახლა ამ ერთ კონტექსტს ვუყურებთ, თორემ ეს მთლიანი კონტექსტის ნაწილია. ოჯახში ქალის ფიზიკური, ფინანსური, თუ ფსიქოლოგიური ძალადობიდან დაწყებული, არ ვიცი, რით დამთავრებული. ამ პრობლემას ნაწილ–ნაწილაც უნდა ვებრძოლოთ და მთლიანი სურათიც უნდა დავინახოთ. თემა ყველა ჭრილში უნდა გავშალოთ, მთლიანი სურათიც ვნახოთ და კონკრეტული პრობლემებიც“, – განაცხადა ტორონჯაძემ.

მისი თქმით, როცა საზოგადოება ქალსა და მამაკაცს განვითარების თანაბარ პირობებს შესთავაზებს, ეს პრობლემები თავისთავად მოგვარდება. 

„უბრალოდ, ეს 100 წლის შემდეგ მოხდება. ადამიანს ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად ბიჭის დაბადება იმიტომ უხარია, რომ იცის, ქალ შვილს საზოგადოებაში გაცილებით მეტი პრობლემა შეხვდება და უფრო მეტად დაიჩაგრება“, – განაცხადა ირინა ტორონჯაძემ.

ამ განცხადებით ირინა ტორონჯაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ფენომენია და რატომ ხდება სელექციური აბორტი.

როგორც ბლოგერმა აღნიშნა, აბორტების რაოდენობა მაშინ დაიკლებს, როცა მენტალური ცვლილება მოხდება და მამაკაცები ბავშვის აღზრდაში უფრო მეტად ჩაერთვებიან.

„ეს მაშინ მოხდება, როცა კაცები მარტო ჩასახვის პროცესში კი არ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ბავშვის აღზრდის, პამპერსის გამოცვლის, დაბანის პროცესში და ა.შ, როგორც ამას დედა აკეთებს. ქალისთვის, რომელსაც უნდა, კარიერა გააკეთოს, ბავშვი ასე ხელისშემშლელი აღარ იქნება, რადგან შრომას კაცს გადაუნაწილებს“, – განაცხადა ტორონჯაძემ.

მისი თქმით, ძალიან კარგია, თუ ექიმები ბავშვის სქესს აღარ ამხელენ და მისასალმებელია, როცა სახელმწიფო ასეთი სწორი ინიციატივებით გამოდის, მაგრამ ეს მასშტაბური უნდა იყოს.