ირინა ტორონჯაძე - აბორტი არ უნდა აიკრძალოს, რადგან როგორც კი საქმე აკრძალვაზე მიდგება, უკუშედეგს ვიღებთ
აბორტი არ უნდა აიკრძალოს, რადგან როგორც კი საქმე აკრძალვაზე მიდგება, უკუშედეგს ვიღებთ, – ამის შესახებ ქალთა უფლებების დამცველმა და ბლოგერმა, ირინა ტორონჯაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ეხება არა მხოლოდ აბორტს, არამედ ნებისმიერ რამეს, იგივე ნარკოპოლიტიკას და ა.შ. როგორც კი აბორტს აკრძალავ, პრობლემა მაშინვე მიწისქვეშეთში, კუსტარულად მოწყობილ კაბინეტებში, არაკომპეტენტური ექიმების ხელში გადადის და შედეგად, ქალების სიკვდილიანობის მატებას ვიღებთ“, – განაცხადა ტორონჯაძემ.
მისი თქმით, ეს პრაქტიკა დასავლეთში უკვე გაიარეს და მიხვდნენ, რომ აბორტის აკრძალვა არ შეიძლება.
„თუ ჩვენი ამოსავალი წერტილი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაშინ პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, აბორტი ქალის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მითუმეტეს, როცა საქმე სიცოცხლის შეწყვეტასთან გვაქვს, მაგრამ გარდა პრევენციისა, ამ მხრივ სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს?!“, – განაცხადა ტორონჯაძემ.
როგორც ქალთა უფლებების დამცველმა აღნიშნა, სახელმწიფო სქესობრივ განათლებაში ფულს და რესურსს ხარჯავს, მაგრამ ეკლესია, რომელსაც საზოგადოების 96%–იანი ნდობა აქვს, განათლებაში სქესობრივი აქტისა და კონტრაცეპტივების საკითხის შეტანის წინააღმდეგ გამოდის. განათლების სისტემაში სქესობრივი განათლების ინტეგრაცია შეფერხდა და შესაბამისად, უკუშედეგს ვიღებთ.
„სახელმწიფო ვითომ რაღაც იქს–იგრეკებს სვამს და იძახის, რომ რაღაცებს კარგად აკეთებს, მაგრამ საზოგადოებაში შედეგი არ დგება, რადგან როგორც გამოკითხვებიდან ჩანს, მოქალაქეები სახელმწიფო ინსტიტუციებზე მეტად ეკლესიას ენდობიან. ამ მხრივ სახელმწიფო გაცილებით არაეფექტურია. საკმარისია, ვიღაც მოძღვარი გამოვიდეს, ქადაგებაში რაღაც თქვას და შენს კანონებსა და განათლებას მაშინვე ხაზს გადაუსვამს“, – განაცხადა ტორონჯაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არის ქვეყანაში აბორტების ძალიან მაღალი მაჩვენებელი მაშინ, როცა მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა ეკლესიას ნდობას უცხადებს, ირინა ტორონჯაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ეკლესიას ენდობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით სულიერად მაღლდება, ან მიწიდან იწევა, რადგან ეს ნდობა ყალბი და ვითომ ტრადიციებს, კომფორტს ამოფარებულია.
„ადამიანებს განათლების მიღება და საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდათ. თვლიან, რომ სწავლა საჭირო არ არის და რაც იციან, ის უნდა აკეთონ. გზას ასე იკვლევენ, სიბნელეში ხელების ფათურით. უფრო სწორად, ვერ იკვლევენ“, – განაცხადა ტორონჯაძემ.
ირინა ტორონჯაძის თქმით, გამოსავალი მკაცრ პოლიტიკაშია. სახელმწიფომ თავისი ავტორიტეტი უნდა აამაღლოს და ყოველ ჯერზე უნდა თქვას, რომ ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ.