ირინა იმერლიშვილი - სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება ქვეყანას, როდესაც საქართველოს შესახებ ყველა ანგარიშში ნახსენებია მართლმსაჯულებისა და სასამართლოს პრობლემები
ირინა იმერლიშვილი - სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება ქვეყანას, როდესაც საქართველოს შესახებ ყველა ანგარიშში ნახსენებია მართლმსაჯულებისა და სასამართლოს პრობლემები

სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება ქვეყანას, როდესაც ყველა ანგარიშში, სადაც საქართველოზე არის საუბარი, სამწუხაროდ, იქვე ნახსენებია პრობლემები მართლმსაჯულებასა და სასამართლოში,  ეს არ არის მხოლოდ საერთო სასამართლოების ზიანი, ეს არის ზიანი, რომელიც ადგება მთელ ქვეყანას, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოიქცა კანონის დაცვით, როდესაც გადაწყვეტილება მიიღო.

„საბჭო მოიქცა კანონის დაცვით, როდესაც გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს. ამ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობა იყო ისიც, რომ თუ ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ უნდა შეჩერდეს თუ დაპაუზდეს ესა თუ ის პროცესი, მიიღონ ისეთი კანონი, რომლის იმპლიმენტაციას მისცემდა საბჭოს. საბჭო მოიქცა ისე, როგორც წერია კანონში. ისინი არ არიან პასუხისმგებლები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, როდესაც საბჭოს წევრები საუბრობენ, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის სრული დაცვით, ნამდვილად კანონში წერია ასე, რომ როდესაც უფლებამოსილება გაუვათ საბჭოს წევრებს და საბჭოს წევრები მათი ასარჩევია, უზენაესი სასამართლო უნდა შეივსოს, ისინი ამ ვადებში მოქმედებენ შესაბამისი პროცედურით. კიდევ ვიმეორებ ეს პასუხისმგებლობა აღებულია პოლიტიკოსების მიერ და საქართველოს პარლამენტი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ კანონმდებლობაში ყოფილიყო ცვლილებები, თუკი ამას მოითხოვდა საერთაშორისო თანამეგობრობა და თუკი ამაზე ხელი მოაწერეს მათ შარლ მიშელის დოკუმენტში“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა.