IRI-ს კვლევის თანახმად, მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქართულ ჯარს აქვს, მეორე ადგილზეა საპატრიარქო, მესამეზე - პოლიცია
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს.
მოწონების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა საპატრიარქო, ხოლო მესამეზე – პოლიცია.
კითხვაზე, როგორია თქვენი მოსაზრება თითოეული ჩამოთვლილი ინსტიტუციის მიმართ, გამოკითხულთა 84 პროცენტი აცხადებს, რომ დადებითი მოსაზრებისაა ქართული ჯარის მიმართ. 81 პროცენტი დადებითადაა განწყობილი საქართველოს საპატრიარქოს მიმართ. 63 პროცენტი ასახელებს პოლიციას, 61 პროცენტი – იუსტიციის სამინისტროს. ქართული მედიიის მიმართ დადებითადაა განწყობილი გამოკითხულთა 60 პროცენტი. 58 პროცენტი ადგილობრივ თანამდებობის პირებს ასახელებს, 57 პროცენტი სახალხო დამცველის აპარატს. 48-48 პროცენტი ასახელებს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ოფისებს.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.