IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტის აზრით კი არასწორი მიმართულებით ვითარდება
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 62 პროცენტი კი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე, საერთო ჯამში, რას იტყოდით, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, სწორი თუ არასწორი მიმართულებით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სწორი მიმართულებით – 30%, არასწორი მიმართულებით – 62%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%.
ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ განწყობას, პასუხები ასე გადანაწილდა: ოპტიმისტური – 55%, ნეიტრალური – 31%, პესიმისტური – 12%.
ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ქვეყნისთვის დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა.
კითხვაზე, გჯერათ თუ არა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა თქვენი ქვეყნისთვის, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: დიახ, მმართველობის საუკეთესო ფორმაა ჩემი ქვეყნისთვის – 77%, არა, მმართველობის სხვა ფორმები თანაბრად კარგი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის – 8%, არა, მმართველობის სხვა ფორმები უკეთესია, ვიდრე დემოკრატია – 7%, არ ვიცი/უარი პასუხზე- 9%.
გამოკითხულთა 23 პროცენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკოსები ხელს უწყობენ მეტ კონსენსუსს, 68 პროცენტის აზრით, ხელს უწყობენ მეტ პოლარიზაციას, ხოლო 10 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.