IRI - მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი - „ნაციონალურ მოძრაობას“
მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16 პროცენტი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 31 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 16 პროცენტი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, ოთხი პროცენტი – „გახარია საქართველოსთვის“, ორი პროცენტი – „დროა – ელენე ხოშტარია“, ორი პროცენტი – „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“, ორი პროცენტი – „ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი“, ორი პროცენტი – „ხალხისთვის – ანა დოლიძე“, ორი პროცენტი – „ლელო – მამუკა ხაზარაძე/ზურაბ ჯაფარიძე“, ერთი პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსი – დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი“, ერთი პროცენტი – „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, ერთი პროცენტი – „გირჩი – ზურაბ ჯაფარიძე“, ერთი პროცენტი – „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“.
რაც შეეხება კითხვას, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არც ერთი შემთხვევაში, 35 პროცენტი ასახელებს „ერთიან ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“, 27 პროცენტი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, 19 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსი“, 18 პროცენტი – „გირჩი“, 16 პროცენტ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, 13 პროცენტი – „ლეიბორისტული პარტია“, 13 პროცენტი – „ევროპული საქართველო“, 11 პროცენტი – „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, 10 პროცენტი – „გაერთიანებული საქართველო – ნინო ბურჯანაძე“.
კითხვაზე, მმართველი პარტიის მიმართ გაქვთ სიმპათია თუ ოპოზიციის, 24 პროცენტი აცხადებს, რომ არც მმართველი პარტიის მიმართ აქვს სიმპათია ან მხარდაჭერა და არც ოპოზიციის მიმართ. 23 პროცენტი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას უჭერს მხარს. 16 პროცენტი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიმართ მეტი სიმპათია აქვს, ვიდრე ოპოზიციისადმი. 20 პროცენტი ოპოზიციას უჭერს მხარს, 14 პროცენტი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიმართ მეტი სიმპათია აქვს, ვიდრე მმართველი პარტიისადმი.
კითხვაზე, ხომ არ ისურვებდით, ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოთ მომავალში თუ კმაყოფილი ხართ არსებული არჩევანით, გამოკითხულთა 60 პროცენტი აცხადება, რომ ისურვებდა ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვას, 30 პროცენტი კი არსებული არჩევანით კმაყოფილია.
კითხვაზე, გჯერათ, რომ სულ მცირე ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში გამოხატავს თქვენს ინტერესებს, 35 პროცენტი აცხადებს, რომ არსებობს სულ მცირე ერთი პარტია, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოხატავს მის ინტერესებს. 30 პროცენტის აზრით, არსებობს სულ მცირე ერთი პარტია, რომელიც სრულად გამოხატავს მის ინტერესებს. 31 პროცენტი კი აცხადებს, რომ მის ინტერესებს არც ერთი პარტია არ გამოხატავს.
კითხვაზე, ენდობით თუ არა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, 53 პროცენტი აცხადებს, რომ არც ენდობა და არც უნდობლობა აქვს. 23 პროცენტი ენდობა, კიდევ 23 პროცენტი კი არ ენდობა.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.