ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამართალდამცველებმა აღკვეთეს მომიტინგეების რამდენიმე მცდელობა პოლიციის შენობასა და სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაემყარებინათ.
აქციის მონაწილეები ირანში ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ, ასევე ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.
პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა მოქალაქეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.
ხელისუფლება დემონსტრაციების ორგანიზებაში “ირანის რევოლუციის მოწინააღმდეგეებს” და “უცხოეთის ჯაშუშებს” ადანაშაულებს.
საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ, ოთხი დღის წინ ქალაქ მაშჰადში დაიწყო და შემდეგ რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა.
აქტივისტები ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის და სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ. მათი თქმით, ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას საგარეო პოლიტიკას აქცევს, ვიდრე მოქალაქეთა პრობლემებს.
ხელისუფლება უარყოფს, რომ სამართალდამცველებმა მანიფესტანტებს ესროლეს. მათ პირობა დადეს, რომ გამოძიების ფარგლებში დამნაშავეებს მალე იპოვიან.