ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მეშჰედში მაღალი ფასები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის გადადგომის შესახებ შეძახილებით პროტესტს ქუჩებში გამოხატავენ.
დემონსტრანტების მოწოდებებს შორის ასევე გაისმოდა „სიკვდილი როუჰანს“, „სიკვდილი დიქტატორს“. პოლიცია მათ დაშლას წყლის ჭავლით ეცადა.
მეშჰედის გუბერნატორის თქმით, სამართალდამცველები მოთმინებითა და კანონის ფარგლებში უპირისპირდებიან „უკანონო“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მისივე ცნობით, დემონსტრაცია სოციალურ ქსელებში „კონტრრევოლუციონერი ელემენტების“ მიერაა ორგანიზებული.
პრეზიდენტმა როუჰანიმ 2015 წელს პირობა დადო, რომ მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ბირთვული წარმოების ლიმიტირებას შეეხებოდა, ირანის მიმართ სანქციებს შეასუსტებდა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევდა.
ქვეყანაში დასაქმების პრობლემაა. ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი ირანში 12,4%-ს შეადგენს.