ირანის პოლიცია - საპროტესტო აქციის მონაწილემ სამართალდამცველი მოკლა
ირანის პოლიცია - საპროტესტო აქციის მონაწილემ სამართალდამცველი მოკლა

ირანში საპროტესტო აქციის მონაწილემ პოლიციელი მოკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს. მათივე თქმით, მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

შემთხვევა დემონსტრაციების დაწყებიდან მეხუთე დღეს მოხდა.

ამასთან, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ტალღას, რომელიც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიციელის მკვლელობა ქალაქ ნაჯაფაბადში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის მონაწილემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც კიდევ სამი სამართალდამცველია დაჭრილი.

ხუთი დღის განმავლობაში ირანში ასობით დემონსტრანტია დაკავებული. ეკონომიკური პირობებისა და მაღალი ფასების გამო, საპროტესტო აქცია ხუთშაბათს ქალაქ მაშჰადში დაიწყო, მალე ირანის ყველა მსხვილ ქალაქს მოედო და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.

მრისხანების ტალღა აიათოლა ხამენეისკენაც არის მიმართული, რაც არღვევს ტაბუს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერს 1989 წლიდან იცავდა.

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, მთავრობა არავის აპატიებს საზოგადო საკუთრების დაზიანებას და ამ ადამიანების მიმართ დაუნდობელი იქნება.

სოციალურ მედიაში გავრცელდა განცხადებები, რომლითაც მოქალაქეებს ირანის 50 ქალაქში დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ. საპასუხოდ, ხელისუფლებამ მიმოწერის აპლიკაციები და „ინსტაგრამი“ დროებით დაბლოკა. ასევე, ზოგიერთ ტერიტორიაზე დაბლოკილია ინტერნეტთან წვდომა.

დატოვე კომენტარი