ირანის პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტების შესწავლას ითხოვს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტების შესწავლას ითხოვს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მაღალჩინოსნებს სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტების შესწავლას სთხოვს. ეს განცხადება ალი ლარიჯანიმ 7 იანვარს ირანის პარლამენტში გამართულ საგანგებო დახურულ სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენ არ გვსურს, რომ ადამიანები მხოლოდ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის გამო დაისაჯონ“, – განაცხადა ალი ლარიჯანის პრესმდივანმა ბეხრუს ნემატიმ. მისივე თქმით, თუ მოქალაქეთა დაკავების დროს შეცდომა იყო დაშვებული, ეს დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს, თუმცა მათ შორის არ არიან ისინი, ვისაც თეირანი აქციების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ნემატის თქმით, მთავრობამ დემონსტრანტების მოთხოვნების შესახებ სასწრაფოდ უნდა იმსჯელოს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ითხოვს, რომ ყველა დაკავებულ აქტივისტს დაუნიშნონ ადვოკატი.

კვირას ირანის ციხიდან აქციების დროს დაპატიმრებული სტუდენტი გამოუშვეს.

ირანში აქციების დროს დაკავებულთა რიცხვს ოფიციალურად არავინ ასახელებს. საუბრობენ 1000-1800 ადამიანზე, მათ შორის 100 სტუდენტი უნდა იყოს.

წყარო: DW