ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.
„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, 67 წლის მაჰმუდ აჰმადინეჯადი ირანის პრეზიდენტობის კანდიდატად 2 ივნისს დარეგისტრირდა და მონაწილეობას მიიღებს 28 ივნისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებში.
ირანის პრეზიდენტობის პერიოდში აჰმადინეჯადი არაერთხელ გახდა საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი მისი ანტისემიტური გამონათქვამების გამო. სულ ცოტა ხნის წინ ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოულოდნელად გამოვიდა ქვეყნის მოქმედი მთავრობის კრიტიკით.
აჰმადინეჯადი 2005 წლიდან 2013 წლამდე ორჯერ იკავებდა ირანის პრეზიდენტის თანამდებობას. 2009 წელს მის პრეზიდენტად არჩევას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რა დროსაც ათობით ადამიანი მოკლეს და ათასობით დააპატიმრეს.
აჰმადინეჯადი ცნობილია იმით, რომ უარყოფს ჰოლოკოსტს და ამტკიცებს, რომ ირანში ლგბტ პირები არ არიან.
ცნობისთვის, 2017 და 2021 წლებში აჰმადინეჯადი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს.