ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელთან დაკავშირებით საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს
ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელთან დაკავშირებით საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თეირანის მიმართ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

როგორც უწყების სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა, „საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი თავხედურად მოითხოვენ ირანისგან, არ უპასუხოს ისრაელის მიერ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დატოვოს სიონისტური რეჟიმის დანაშაულები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“.

ქანაანის თქმით, ირანს ისრაელის შეჩერება აქვს გადაწყვეტილი და მოუწოდებს საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს, ერთხელ და სამუდამოდ შეეწინააღმდეგონ ღაზაში მიმდინარე ომს.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა და დასავლეთის ქვეყნების მიერ სიონისტური რეჟიმის მხარდაჭერა ღაზის სექტორში კრიზისის რეგიონული გაფართოების მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს“, – აღნიშნა ქანაანმა.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი იქნება პასუხისმგებელი ისრაელზე ნებისმიერ შესაძლო თავდასხმაზე, რაც გამოიწვევს რეგიონული დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას, ასევე საფრთხეს შეუქმნის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.