ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - კავკასიის რეგიონში ირანისა და თურქეთის თანამშრომლობა მოსახლეობას დიდ სარგებელს მოუტანს
კავკასიის რეგიონში ირანისა და თურქეთის თანამშრომლობა რეგიონის მოსახლეობას დიდ სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა, სტამბოლში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით მექანიზმების განსაზღვრაზე გაამახვილეს ყურადღება.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „უმძიმეს დროსაც“ კი შენარჩუნდა.ზარიფმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ქაბულის ადმინისტრაციის თხოვნით ავღანეთთან სამმხრივი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თეირანი არ ხედავს ბირთვულ იარაღს, როგორც უსაფრთხოების საშუალებას, პირიქით, სურს, რომ ყველა მათგანმა, ვინც ფლობს ასეთ იარაღს, გაანადგუროს ისინი. ზარიფმა ასევე განაცხადა, რომ თეირანმა „სასტიკად“ დაგმო აშშ-ის სანქციები თურქეთის მიმართ.
თავის მხრივ, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთს აქვს მრავალი დიპლომატიური მექანიზმი ირანთან, მათ შორის კავკასიაში და ასევე ასტანის ფორმატი სირიისთვის. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორმა ქვეყანამ უნდა იმუშაონ არა მხოლოდ ორმხრივი კავშირების, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის.