ირანის პრეზიდენტისა და ავიაკატასტროფისას დაღუპული სხვა პირების ცხედრებს ხვალ, 21 მაისს ქალაქ თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ, სადაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაიბადა.
თავრიზის სამლოცველო დარბაზში დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს ოთხ საათზე სახალხო ცერემონია გაიმართება. 21 მაისს კი, ადგილობრივი დროით ცხრა საათზე იბრაჰიმ რაისისა და სხვა დაღუპულების ცხედრებს მოწამეთა მოედნიდან ქალაქის აეროპორტამდე მსვლელობით გააცილებენ, საიდანაც ცხედრებს მეშჰედში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის მგზავრებს შორის, პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანიც იყო. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს.
ასევე დადგინდა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი კიდევ სამი პირის ვინაობა.