ირანის პრეზიდენტი - სირიაში ირანის საკონსულოზე ისრაელის თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება
სირიაში ირანის საკონსულო განყოფილებაზე ისრაელის თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი დამასკოში, ირანის დიპლომატიურ შენობაზე ტერორისტული დანაშაულის ჩადენით.
ებრაჰიმ რაისის განცხადებით, წინააღმდეგობის ფრონტის წინაშე მუდმივი დამარცხებისა და წარუმატებლობის შემდეგ ისრაელმა გადარჩენის მცდელობის დროს ბრმა მკვლელობის შეტევებს მიმართა.
„სიონისტურმა რეჟიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი არაადამიანური ზომებით ვერ მიაღწევს ბოროტ მიზნებს და მოუწევს წინააღმდეგობის ფრონტის მზარდ ძლიერებასათან დაპირისპირება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პირველ აპრილს სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე, რის შედეგადაც დაიღუპა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი გენერალი და სამხედრო მრჩეველი.