ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ღირსებას, ხოლო ოკუპანტებს ანანებს თავიანთ ლაჩრულ ქმედებას
ირანის ისლამური რესპუბლიკა დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ღირსებას და ტერორისტ ოკუპანტებს ანანებს თავიანთ ლაჩრულ ქმედებას, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა თეირანში „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ორ საამაყო ერს – ირანსა და პალესტინას შორის კავშირი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ადრე და წინააღმდეგობისა და ჩაგრულთა დაცვის გზას გაუყვება უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიეს მოწამეობა თეირანში „გააძლიერებს ღრმა კავშირებს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ძვირფას პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის“.
„ჰამასში“ განაცხადეს, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა.
ისმაილ ჰანიე 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაში იღებდა მონაწილეობას.
„ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.