ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, რომ კელი დეგნანს, ისევე როგორც დასავლელ პარტნიორებს, მეტი ინტერესი გამოეჩინათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა
თვეების განმავლობაში, პარტნიორი ქვეყნები ჩვენთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდებდნენ. ვისურვებდი, რომ კელი დეგნანს ისევე, როგორც მთელ დასავლელ პარტნიორებს, უფრო მეტი ინტერესი გამოეჩინათ და ბერკეტი გამოეყენებინათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს.
„გათვალისწინებული იყო მთელი რიგი რეფორმები, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, მათ შორის არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. ამას ბოლომდე მოვიყვანთ ისევე, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შევასრულებთ. 10-დან რვა უკვე შესრულებულია, ორზე მუშაობა მომდინარეობს. აქ ამბავი არის ის, რომ ცალმხრივად გამორიცხული იყო მოქმედება, ახლა ხელი გინდ მოაწერონ, გინდა არა. „ქართული ოცნება“ ხუთ პროცენტს აიღებს თუ 55 პროცენტს, ეს არანაირ კავშირში არ იქნება რიგგარეშე არჩევნებთან, ეს გადასაწყვეტი იქნება იმ პარტიის, ვინც უმრავლესობაში მოვა – რიგგარეშეს ჩანიშნავს თუ არ ჩანიშნავს“, – განაცხადა ზარქუამ.
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ დახმარების სახით 75 მილიონი ევრო არ სჭირდება.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს, გაუწიეს ქვეყანას. ამასთან, პრემიერის თქმით, წელს საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.