ირაკლი ზარქუა - გერმანელი ხალხი თურმე ამბობდა, რომ, რუსეთთან ერთად, პრობლემაა უცხოური გავლენებიც, მათ შორის ამერიკიდან, მათთვის უნდა დაეჯერებინათ, ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ, ახლა მოთქმა გვიანია
ირაკლი ზარქუა - გერმანელი ხალხი თურმე ამბობდა, რომ, რუსეთთან ერთად, პრობლემაა უცხოური გავლენებიც, მათ შორის ამერიკიდან, მათთვის უნდა დაეჯერებინათ, ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ, ახლა მოთქმა გვიანია

გერმანელი ხალხი თურმე ამბობდა, რომ, რუსეთთან ერთად, პრობლემაა უცხოური გავლენებიც, მათ შორის ამერიკიდან. მათთვის უნდა დაეჯერებინათ, ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ, ახლა მოთქმა გვიანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იარაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებმა დაარწმუნა, რომ „საქართველოს მთავრობა სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, როცა აქცენტირება ხდება ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესების გატარებაზე“.

„ევროპულ ღირებულებებზე სადაც გაკეთდა აქცენტირება და უცხოური დაკვეთების შესრულება ხდებოდა, იქ დამარცხდნენ. გერმანიაში ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ – ახლა მოთქმა და გოდება გვიანია. თურმე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გერმანელი ხალხი ამბობდა, რომ პრობლემა მხოლოდ რუსეთი არ არის, ასევეა უცხოური გავლენები, მათ შორის ამერიკიდან. ახლა მოთქმა გვიანია, მათ საკუთარი მოსახლეობისთვის უნდა დაეჯერებინათ.

ამ ხნის განმავლობაში უცხოური გავლენების შემცირებაზე აქცენტს ვინც ვაკეთებდით და ქართველი ხალხის ინტერესებს ვიცავდით, ამის გამო ევროპელი ლიდერები გვამუნათებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, გვემუქრებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ ლიდერებს საკუთარ სახელმწიფოში ლეგიტიმაციაც არ ჰქონიათ. აღმოჩნდა, რომ თავადაც პრობლემა აქვთ და მათი მოსახლეობა სულ სხვა მიმართულებით აძლევს დაკვეთას და აქვთ სურვილები. თურმე ცენტრალური ევროპის ხელისუფლებები სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, ამ არჩევნებზე სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა. დიახ, საქართველო ევროპის ოჯახის წევრი ღირსებით გახდება, სადაც ჩვენი იდენტიფიცირება იქნება მართლმადიდებლობა და ტრადიციები“,  – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (CIA)“.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა, მათ შორის, „მწვანეების“ პარტიაც, რომლის წევრიც ვიოლა ფონ კრამონია.