ირაკლი ზარქუა - 2003 წლიდან რაც სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის გააკეთა, არცერთ სახელმწიფო მმართველს არ გაუკეთებია
ცნობილ ჟურნალისტტან, დმიტრი გორდონთან უკრაინელმა გენერალმა ღიად თქვა, რომ სააკაშვილზე მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები „კაგებეს“ განხრით, შემდეგ საერთაშორისო დაზვერვაში იყო წარმომადგენელი და გახდა პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „ნათელია, სააკაშვილი ვის ინტერესებს ემსახურებოდა“.
„ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტებიც რუსეთს გადააბარეს და 2008 წლის ომი ქართველ ბიჭებს დააბრალეს – მეტი ლუსტრაცია რა გინდათ? ვინც ამ თემას ხელმძღვანელობდა, ამას უკრაინელი გენერალი თავად ამბობს. გორდონი იმ ბაბლის ნაწილია, სადაც არიან პოროშენკოები, სააკაშვილები და სწორედ მასთან დისკუსიაში ითქვა, რომ სააკაშვილი იყო უკრაინული სპეცსამსახურის დაკვირვების ქვეშ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს „კაგებეს“ ქოლგის ქვეშ მუშაობდა. გიული ალასანიას ჩანაწერი გაიხსენეთ, სადაც იკითხა, რუსეთს რა პოზიცია ექნება, როცა სააკაშვილი საქართველოში ბრუნდებაო. გორდონი „ნაცებს“ მხარს უჭერს და ეს ყველაფერი მასთან ითქვა. 2003 წლიდან რაც სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის გააკეთა, არცერთ სახელმწიფო მმართველს არ გაუკეთებია, მათ შორის არც შევარდნაძეს. შევარდნაძემ ნავთობსადენი ჩადო და ნატო-ს წევრობაზე განაცხადი გააკეთა. მის მიმართ პრეტენზია ადამიანის უფლებებსა და კორუფციაზე გვქონდა. სააკაშვილმა ამ ყველაფერს დაამატა, რომ რუსეთს ჯერ ბაზები გააყვანინა, შემდეგ უკან შემოატრიალებინა, 20 პროცენტი გადაულოცა ისე, რომ არცერთ სახელმწიფოს ამის გამო რუსეთისთვის სანქცია არ დაუწესებია. გუშინ დესერტად დაამატეს, რომ სააკაშვილი „კაგებესთვის“ გაზარდეს“, – განაცხადა ზარქუამ.
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლაი მალომუჟმა განაცხადა, რომ „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში“.