ირაკლი შენგელია პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებაზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს
საქართველოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებაზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს. 26 თებერვალს ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით იყო გაკეთებული.
„მსურს გავაკეთო დამატებითი განმარტებები ჩემს მიერ 2018 წლის 26 თებერვალს ჟურნალისტებისათვის ინტერვიუს მიცემისას გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომლებმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ვგულისხმობ ჩემს კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ გამწესებამ საზოგადოებაში და ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ გუნდშიც გააჩინა გარკვეული შეკითხვები, რასაც უნდა გასცემოდა დასაბუთებული საჯარო პასუხი.
ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირს და ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, საქართველოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან განსხვავებით, გააჩნია უფლებამოსილებებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართო არეალი და შესაძლებლობა – ესა თუ ის მოვლენა შეაფასოს და მასზე რეაგირება მოახდინოს საკითხის პოლიტიკური კონტექსტისა და წონადობის მიხედვით; ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შეზღუდულია ვალდებულებით – ფაქტები შეაფასოს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, კანონით განსაზღვრული მკაცრი ჩარჩოების ფარგლებში. როდესაც ვაკეთებდი კომენტარს, მიზნად ვისახავდი – ყურადღება გამემახვილებინა სწორედ ამ ფაქტორზე და აღმენიშნა, რომ სრულიად ბუნებრივი იყო – ნებისმიერ სამართლებრივ პროცედურასთან დაკავშირებით საზოგადოებაში და, მითუმეტეს, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ გუნდშიც გაჩენილიყო გარკვეული შეკითხვები, რასაც აუცილებლად უნდა გასცემოდა პასუხი, ისე, რომ გამჟღავნებულიყო ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მოტივაციის შესახებ სათანადო ინფორმაცია და, იმავდროულად, ხაზგასმული ყოფილიყო ამ გადაწყვეტილებათა მიღებაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილებაც.
მსურდა მეთქვა, რომ იმისათვის, რათა ეს პროცედურა და მისი შედეგები ობიექტურად და სწორად შეფასებულიყო, აუცილებელი იყო – პროცედურა დაქვემდებარებოდა მხოლოდ სამართლებრივ და არა პოლიტიკურ შეფასებებს.
ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ყურადღება მახვილდებოდა საქმეზე, რომელზე ბრალდებული პირის შესაძლო წამება განხორციელდა სასამართლოს კონტროლს მიღმა არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; ამ შესაძლო წამების ფაქტზე საქმე სასამართლოში დღეის მდგომარეობითაც არ არის განსახილველად შემოსული და, შესაბამისად, ცხადია, რომ ამ საქმის გამოძიება ხანგრძლივი და მეტად შრომატევადი პროცესია. ამასთან, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვერ შევიდოდი ძირითადი ბრალდების საქმის არსებითი, შინაარსობრივი საკითხების განხილვაში, ვინაიდან ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი არ გაუქმებულა და დღეის მდგომარეობითაც ძალაშია. ამიტომ, კონკრეტულად ამ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის, ბრალდებულის შესაძლო წამების ფაქტის გამო, სამართლებრივი სახის პასუხისმგებლობის დაკისრება საფუძველს იქნებოდა მოკლებული.
საბოლოოდ, სწორედ ყოველივე ზემოთ მითითებულის თქმა მსურდა, თუმცა – სამწუხაროდ, ჩემი წინა კომენტარი გამოვიდა საკმაოდ ბუნდოვანი და სრულყოფილად არ გამოხატავდა ზემოთ აღნიშნულ სულისკვეთებას.
მე, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, გამოვხატავ მზაობას – მომავალში, კანონის ფარგლებში, ვითანამშრომლო ყველასთან და ჩართული ვიყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებული და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის ფორმირების პროცესში”, – აღნიშნულია განცხადებაში.