ირაკლი შენგელია - მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერმა მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე განცხადება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გააკეთა
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით გაკეთებული განცხადება”, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც მან იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შემდეგ გაავრცელა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებზე გააკეთა აქცენტი.
ირაკლი შენგელიას მიაჩნია, რომ რთულია საზოგადოებისა და საბჭოს გადაწყვეტილებები ერთმანეთს დაემთხვეს.
რაც შეეხება იმ მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, როლებიც გახმაურებულ საქმეებს განიხილავდნენ, ირაკლი შენგელიას მოსაზრებით, მათ გადაწყვეტილებებში ეჭვს ვერ შეიტანს.
„აბსოლუტურად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საზოგადოების აზრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს თანხვედრაში. საბჭომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. ჩვენ შესწავლილი გვყავს ეს მოსამართლეები, გავლილი გვაქვს გარკვეული საქმეები.
მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის“,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები, კვირიკაშვილის თქმით, მათ გუნდშიც არის.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს მოსამართლეს კი, მხარი არ დაუჭირა.
საბჭომ კენჭი უვადოდ გამწესების მსურველ 50 კანდიდატს უყარა, საიდანაც ექვსმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა, ესენი არიან – ირაკლი შავაძე, მიხეილ ბებიაშვილი, ცისანა სირბილაძე, კობა გოცირიძე, ეკატერინე პართენაშვილი და დავით კეკენაძე.