ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს სტაბილურობა არ ახარებთ ჩრდილოელ მეზობლებს, საარჩევნო პროცესში მოსალოდნელ საფრთხეებს ვხედავთ და პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ
საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია ქვეყნის ჩრდილოელ მეზობლებს არ ახარებთ, შესაბამისად, საარჩევნო პროცესში მოსალოდნელია თავდასხმები, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში დასახელებულ საფრთხეებთან დაკავშირებით დეპუტატ გია გაჩეჩილაძის კითხვას უპასუხა.
„ესტონეთის დაზვერვის ანგარიშთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, სტრატკომში ყოფნისას, გავეცანით შესაძლებლობებს, რაც ჩვენს პოტენციურ მტრებს გააჩნიათ ტექნოლოგიურად, რომელთაც შეუძლიათ ფეიკნიუსების, ფეიკვიდეოების მომზადებაც კი. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, პროდასავლური სვლა მაინცდამაინც არ ახარებთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს, ცხადია, საარჩევნო პროცესში უნდა ველოდოთ თავდასხმებს, ეს თავდასხმები ქვეყნისა და ჩვენი ხელისუფლების საზიანოა, მოკავშირეებს კი, ირიბად პოულობენ, რადგან ჩვენზე თავდასხმა ჩვენს მტრებს, შიგნითაც და გარეთაც უხარიათ. ეს არის რეალობა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, ტარდება შესაბამისი კონტრზომები, ასევე ახლო მომავალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში ანგარიშით უნდა წარდგეს.
„გეტყვით, რომ კონტრზომები ტარდება. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უახლოეს თვეებში, სავარაუდოდ, ერთ თვეში პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს. შარშან ჩვენ რუსულ პროპაგანდაზე ვისაუბრეთ, ორგანიზაციებიც კი დასახელდა, ეს პროპაგანდის ელემენტები და ორგანიზაციები იარსებებენ, მთავარია, როგორ გავაკონტროლებთ და ვის ექნება სიტუაციის მართვის სადავეები. აქ საკმაოდ დამაჯერებელი არის ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოგვივა. თანამედროვე ტექნოლოგია-მეთოდოლოგიები ისეთი არის, რომ თუ იმავე პროცესში არ გაქვს კონტრზომები, იგივე თანამედროვე ტექნოლოგოებითა და შესაძლებლობებით არაფერი გამოდის. ცხადია, ამ საფრთხეებს ვხედავთ, თუმცა ამასთანავე, ვატარებთ პრევენციულ, სადაზვერვო, კონტრდაზვერვით ღონისძიებებს და ცხადია, რაც უფრო ახლოს ვიქნებით, ეს რისკები გაიზრდება და ჩვენც პასუხი უნდა გავცეთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სახელწოდებით – „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“ ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ცდილობს, შეაფერხოს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.