გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის შესაძლო კავშირის გასარკვევად პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უნდა მიიწვიონ
გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის შესაძლო კავშირის გასარკვევად პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უნდა მიიწვიონ

დეპუტატი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ანგარიში, სადაც საქართველოში 2020 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზეა საუბარი, ძალიან ნიშანდობლივია.

გია გაჩეჩილაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე კითხვით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს, ირაკლი სესიაშვილს მიმართა. მისი თქმით, უახლოესი წარსულის, კონკრეტულად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ 2003 წლის მიტინგების გათვალისწინებით, შეიძლება, სასურველი იყოს აღნიშნულ საფრთხეზე მსჯელობა დახურულ სხდომაზე, რომელშიც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილობას.

„ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აქვეყნებს მოხსენებას, სადაც აღნიშნავს, 2020 წელს საქართველოში რუსეთი აპირებს, ჩაერიოს არჩევნებში და მოხსენებაში პირდაპირ წერია, რომ ამის მიზანია, შეაჩეროს საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ძალიან ნიშანდობლივი საკითხია. თუ გაიხსენებთ ჩვენს უახლოეს წარსულს, 2003 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებს იგორ ივანოვი ესწრებოდა და ის იყო ძირითადი შემოქმედი იმ პროცესისა. ამიტომ ეს საფრთხე ახლაც არსებობს, რადგან ეს ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს პარტიად მიიჩნევს, მოგეხსენებათ ვისზეც მუშაობდა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. ხომ არ იქნება საჭირო, მოვიწვიოთ დახურულ სხდომაზე საქართველოს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები, რათა გავარკვიოთ ეს საკითხები“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ სესიაზე.

სახელწოდებით – „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020“ ესტონეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ რუსეთი ცდილობს, შეაფერხოს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ წელს რუსეთი აუცილებლად იქნება ფოკუსირებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.