ირაკლი სესიაშვილი - რუსეთს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის აგრესიულ პოლიტიკას ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთს იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული არ იქნება.
ირაკლი სესიაშვილი აშშ-ის სენატის მიერ მომზადებულ სანქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცივილიზებული სამყარო და დემოკრატიული საზოგადოება კონსოლიდირებულია იმ საერთო პოზიციაზე, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მთლიანად მსოფლიოში.
„ამერიკის შეერთებული შტატების თანმიმდევრულ, აქტიურ და პრინციპულ პოლიტიკას მივესალმებით, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის საპირისპირო რეაქციებს. კრემლის პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან ამოვარდნილია. სამწუხაროდ, კრემლის ე.წ. უსაფრთხოების პოლიტიკა არ არის თანხვედრაში საერთაშორისო სამართალთან და იმის მოლოდინი აქვთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამაზე პრინციპულად უპასუხებთ. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკაა სტატუს კვოც და რუსეთს იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა არ იქნება ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული“, – განაცხადა სესიაშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები „ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს პრორუსული ძალების ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიაზე. ასევე დოკუმენტის ავტორები გამოდიან ინიციატივით, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან თანხები დაიხარჯოს ევროპისა და აზიის იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის მავნე ზეგავლენის წინაშე მოწყვლადები არიან. აღნიშნული ფონდის თანხა უნდა მოხმარდეს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმის კიბერთავდასხმებისგან დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებას, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობაზე რეაგირებას.