ირაკლი როსტომაშვილი - ძალიან დამზაფრა ინფორმაციამ, რომ მენაშენეებს სამი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობა დაევალებათ
ძალიან დამზაფრა ინფორმაციამ, რომ მენაშენეებს მათ მიერვე გამწვანებულ ტერიტორიაზე შემდგომი სამი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობა დაევალებათ, – ამის შესახებ “მენაშენეთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი როსტომაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს იგივეა, მანქანების დილერს სამი წლის განმავლობაში მათ მიერ გაყიდულ მანქანებში საწვავის ჩასხმა დავავალოთ. ასეთი მოდელი არსად არ არის“, – განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, ამ მოდელის ალტერნატივაა, დედაქალაქის მერიამ კონკრეტული ტერიტორია გამოყოს და მენაშენეებს ინვესტიციის გაკეთება დაევალოთ, რათა ტერიტორიაზე ტყე-პარკი აშენდეს.
„გამწვანებაში ფული ჩავდოთ, ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ გადავიხადოთ და არა ისე, რომ მენაშენემ ნარგავებს სამი წელი თავად უაროს“, – განაცხადა როსტომაშვილმა.
როგორც ირაკლი როსტომაშვილმა აღნიშნა, გამწვანებით და ნერგების ჩარჭობით საქმე კი არ მთავრდება, არამედ იწყება და შემდეგი ეტაპი ტერიტორიის მოვლაა.
„ჩვენთან მებაღის, დენდროლოგის შრომა რაღაცნაირად უგულებელყოფილია და ამ მხრივ ძალიან სერიოზული სამუშაოა”, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.