მაია ბითაძე - მერიის მიზანია, ქალაქში ისეთი ურბანული განვითარება იყოს, რომ მისი ეკონომიკური ღირებულება აიწიოს
მაია ბითაძე - მერიის მიზანია, ქალაქში ისეთი ურბანული განვითარება იყოს, რომ მისი ეკონომიკური ღირებულება აიწიოს

შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე მერიამ გარკვეული ფონდები შექმნას, რითაც მათ შორის, ამხანაგობები წახალისდება, რათა მათ მცირე რეკრეაციულ ზონებს მოუარონ და გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი მათია, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, დეველოპერებს, როლებსაც ცვლილებების მიხედვით მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების ვალდებულება ეკისრებათ, ხეთა სახეობის მიხედვით, შესაბამის ვადებში ნარგავების მოვლა-პატრონობის ვალდებულებაც დაეკისრებათ.

„ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მათ გარკვეული დროის ფარგლებში, ნარგავების მოვლა-პატრონობა, თავისი ანგარიშგებითა და მონიტორინგით მოუწევთ, რადგან ეს სავალდებულო იქნება“, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მერიის მიზანია, ქალაქში ისეთი ურბანული განვითარება იყოს, რომ მისი ეკონომიკური ღირებულება აიწიოს.

„შესაბამისად, როცა ნარგავების მოვლა-პატრონობაზე ვსაუბრობთ, ეს ფასის ზრდას არანაირად არ იწვევს, თუმცა, იზრდება ისეთი კომპანიის ღირებულება, რომელიც მოსახლეობას ასეთი ტიპის ობიექტს ჩააბარებს. ეს გზა მსოფლიომ უკვე გაიარა“, – განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ, „მონოლითი ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა იჩქიტიძესაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ დეველოპერებისთვის ტერიტორიების გამწვანების ვალდებულების დაკისრება მისასალმებელია, მაგრამ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობის მათთვის დაკისრება სამშენებლო ბიზნესს ფინანსურად დააზარალებს.

„სამშენებლო კომპანიებს არაფერი არ უძვირდებათ. ეს მოდელი ისეთ ობიექტებზე მუშაობს, რომლებიც მე–5 კლასის შენობა-ნაგებობებია. მათ შორის – ქარხნები, გაზსადენები, მილსადენები. მოდელი ეხება მათ, ვინც გარემოს ეხება და ამას უკვე ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს“, – განაცხადა ბითაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ეშველება უკვე აშენებული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებს, მათი გამწვანება ვინმეს დაევალება, თუ მერია ამ ვალდებულებას თავად აიღებს, მაია ბითაძემ თქვა, რომ მერიას უკვე არსებული პროექტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ექნება.

„უკვე აშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით ბევრად მეტი პრობლემა გვაქვს. პრობლემებია გამწვანების, ტრანსპორტით გადაადგილების, წვდომის და გეოლოგიურ ქანებთან მიმართებით. შესაბამისად, ყველა უკვე არსებული პროექტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვექნება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.