ირაკლი ქარსელაძე - აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა მთავარი გამოწვევაა
მაგისტრალური გზების მშენებლობა არის უმთავრესი პრიორიტეტი და აღმოსავლეთ დასავლეთის ავტომაგისტრალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა, სადაც ქარსელაძემ გზების დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
„შთამბეჭდავი ექვსი თვე გამოვიდა. მაგისტრალური გზების მშენებლობა არის უმთავრესი პრიორიტეტი და აღმოსავლეთ დასავლეთის ავტომაგისტრალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ეს მარშრუტი იწყება წითელი ხიდან და შეადგენს 430 კილომეტრს სარფამდე. ამ დროისთვის, 200 კილომეტრი ჩქაროსნული გზა აშენებულია და 140 კილომეტრის მშენებლობა მიმდინარეობს. წელს, სამუშაოები დაიწყო ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე როგორიც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთია. დღეის მდგომარეობით, სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს ორ, ხევი უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ხელშეკრულება ფორმდება, ასევე მე-4 შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო წინადადებები აგვისტოში გაიხსება და წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება. რაც შეეხება წითელი-ხიდის მონაკვეთს მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია, ხოლო ინტენსიური საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე“, – განაცხადა ქარსელაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2020-ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში 2022 წლამდე ეტაპობრივად შევა, 2021 წელს უკვე იგეგმება სამშენებლო სამუშაოების დაწყება ბათუმი-სარფის მონაკვეთზე.
„საბოლოდ, წითელი ხიდიდან-სარფამდე გადაადგილება 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ არსებული მანძილი მოკლდება 30 კილომეტრით და არსებული მგზავრობის დრო ფაქტობრივად ნახევრდება. წითელი ხიდან-სარფამდე მგზავრობა ნახევარ დროში, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის პირობებში იქნება შესაძლებელი“ – აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე.
უწყების ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზა ჯამში 51 კმ-ია და ერთ-ერთი რთული მონაკვეთია, მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ოთხ ზოლიანი მაგისტრალის მოწყობას.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.