ირაკლი ქარსელაძე – ვსაუბრობთ საგზაო მიმართულებით თვისობრივად სხვა განვითარების დონეზე მყოფ ქვეყანაზე, მაგისტრალური გზები ის მიმართულებაა, რომელსაც ინტენსიურად ვავითარებთ

17:21, 24.10.2024

მაგისტრალური გზების განვითარების წელს უკვე ექვსი წარმატებული შედეგი გვქონდა, რომელიც უკავშირდება როგორც უმნიშვნელოვანესი პროექტების, ისე საეტაპო ფაზების დასრულებას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის ახალი მაგისტრალური, ოთხზოლიანი გზის 48 კმ-ით უკვე შესაძლებელია შემცირებულ დროში გადაადგილება.

ასევე, ბოლო თვეებში გაიხსნა ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა და ამ მიმართულებით მომდევნო წელიც შედეგიანი იქნება.

ირაკლი ქარსელაძემ იმ მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც იგეგმება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები რუსთავი-წითელი ხიდი-ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტზე.

ასევე, მოსამზადებელი პროცედურებია დაწყებულია სამივე საგზაო დერეფნის – აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელებისთვის.

„მომავალ წელს დაგეგმილია საგარეჯო-ბადიაურის გზის დასრულება და კახეთის მიმართულებით უკვე 52 კილომეტრის მაგისტრალური გზა გვექნება აშენებული. ასევე, გათვალისწინებულია ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი-თელავისა და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა. დაგეგმილია ლილოს შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყება და თბილისში დასავლეთიდან შემოსასვლელ-გასასვლელი ახალი გზის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, ინტენსიური მოძრაობის განტვირთვისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება წიწამური-ჟინვალის მიმართულებით, ნატახტრის შემოვლითი გზის მშენებლობა.

„ჩვენ ვსაუბრობთ საგზაო მიმართულებით თვისობრივად სხვა განვითარების დონეზე მყოფ ქვეყანაზე. რეალურად, ყველა ამ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობისთვის მხოლოდ სამი საათი დაგვჭირდება. სამუშაოების დასრულების შემდგომ სტეფანწმინდამდე მგზავრობას საათ-ნახევარს, ხოლო თელავამდე ერთ საათსა და 20 წუთს მოვანდომებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მსგავსი