ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის 149-ე კმ-ზე დაწყებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან
ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის 149-ე კმ-ზე დაწყებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან

რიკოთის 149-ე კმ-ზე დაწყებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე, 149-ე კილომეტრზე, თოვლის დნობის შემდეგ, მონიტორინგის შედეგად, არსებული გზიდან 200 მეტრში დაფიქსირდა ნაპრალები.

„იმისათვის, რომ გაგვეგო, რასთან გვქონდა საქმე, გაგრძელდა მონიტორინგი და დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებები, კვლევების ჩათვლით. თუმცა, 29 მარტს ნაპრალების ზრდის გამო ვითარება სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ შეფასდა მომეტებულ საფრთხედ. ამ პირველად მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის და მოძრაობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებაზე გადართვის გადაწყვეტილება. ეს იყო რიკოთის დაკეტვის პირველი შემთხვევა, რომელიც 29 მარტს, 23:45 საათზე იქნა მიღებული“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, გზის დაკეტვის გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პოტენციური საფრთხის შეფასების და ამ საფრთხის თავიდან არიდების გამო იქნა მიღებული და ცხადყოფდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიისა და საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ ვითარების პროფესიულად მართვას.

ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ, მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გზის დაკეტვიდან მეორე დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა საზოგადოებას სრული ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.

„მეწყრულ უბანს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან, ნაპრალები გაჩნდა არსებული გზიდან 200 მეტრში, რაც შეიძლება მეწყრულ პროცესებში გადაზრდილიყო. დაიწყო შესაბამისი კვლევები იმისათვის, რომ გვქონოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა გეოლოგიასთან გვქონდა საქმე. პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გზა იმდაგვარად გაფართოვდა, რომ რეალურად გაორმაგდა ე.წ. დამგროვებლის შესაძლებლობა. ყველას გვესმოდა, რომ ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯს ვდგამდით გზის დაკეტვით, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. 7 აპრილს მიღებული პირველადი კვლევების მონაცემების შესაბამის სისტემაში შეყვანით, მეწყერის გააქტიურებასთან დაკავშირებული რისკების ფონზე, გზის სპეციალური რეჟიმით გახსნა დასაშვებად იქნა მიჩნეული“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რიკოთის გზის პროექტი მოამზადეს წამყვანმა ამერიკულმა, იტალიურმა და თურქულმა საპროექტო კომპანიებმა.

„ძალიან ბევრი, სულ 29 ტყუილი ითქვა რიკოთთან მიმართებაში ამ ბოლო დღეებში. ზოგიერთები ამბობენ, როგორ შეიძლება, ერთ წელიწადში რაიმე კვლევების ჩატარება და თავად სხვა პროექტზე სწორედ ასე აქვთ ჩატარებული კვლევები, მაგრამ იქ პრობლემა არ იყო, იქ ყველაფერი მისაღები იყო. როდესაც სურვილი გაქვს, დაძაბო შენი მოსახლეობა, დააშინო და ამითი გამოიწვიო მათი უკმაყოფილება, არგუმენტების, დასაბუთებების, მტკიცებულების გარეშე დისკრედიტაცია გაუკეთო როგორც პროექტს, ისე ამ პროექტში ჩართულ ექსპერტებს, მუშებს და უამრავ ადამიანს – ეს მიუღებელია“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი არის ევროპული დონის, საუკუნის პროექტი, რომელიც კარგად ვითარდება. ქარსელაძის განცხადებით, პროექტის საერთო განვითარების პროგრესი არის 78 პროცენტი, ხევი-უბისაზე და უბისა-შორაპნის მონაკვეთებზე კი – 91 და 95 პროცენტი.

ამასთან, როგორც ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, გზის პროექტირება განხორციელდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით.

„გზის საპროექტო კომპანიებიც შეირჩა ამ ორგანიზაციების პროცედურებით და მათი დასტურით.  შეირჩა მაღალი კვალიფიკაციის კომპანიები, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებით, რომლებიც პირველივე ეტაპიდან მონაწილეობდნენ პროექტირებაში. პროექტირების პირველი ეტაპის შემადგენელი ნაწილია სწორედ კვლევები. პირველი ეტაპზე ხდება მარშრუტის დასახვა, რათა გადაწყვიტო, სად უნდა იყოს ხიდი, გვირაბი, გზის მონაკვეთი, სად უნდა აშენდეს შესაბამისი კედელი სუსტი ფერდისთვის, განვითარდეს გამწვანება, განხორციელდეს სხვა ტიპის ღონისძიებები. ასე ხდებოდა ამ პროექტების განვითარება და ამ პროცესში ჩართული იყო ამერიკული კომპანია „აეკომი“, თურქული კომპანია „თემელსი“, იტალიური ცნობილი კომპანიები „აიარდი“ და „სპეა“. პროექტის ხელმძღვანელი იყო 50-წლიანი გამოცდილების მქონე ინგლისელი ინჟინერი, რომელმაც უპრეცედენტო რაოდენობის კვლევები განახორციელა ჭაბურღილების სახით, შემდგომი მათი ანალიზის სახით, მოდელირებების სახით. ამაზე დაყრდნობით, გუნდთან ერთად, რომელშიც ერთიანდებოდა გეოტექნიკოსი, მეხიდე, მეგვირაბე, გზის ინჟინერი, სეისმოლოგი, შედგა პროექტი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით არათუ ქართული, არამედ ევროპული სტანდარტი იყო დაკმაყოფილებული, შესწავლილი იქნა 77 ფერდი და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტები.