ირაკლი ქადაგიშვილი - ბენ ჰოჯესი პენსიაზეა გასული, ოპოზიციურ ლობისტურ მოქმედებაში ჩართული პირია და ოპოზიციისთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს
კარგი იქნება, თუ ბატონი ბენ ჰოჯესი, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ერთხელ მაინც თუ დაინტერესდებოდა და საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდებოდა, რაიმე სერიოზულ საკითხზე დაილაპარაკებდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ვერ ვხვდები, რა არის სასარგებლო საქართველოსთვის კრემლის ხელბორკილებში, რადგან კრემლი აგებს ამ ომს, ეკონომიკა ჩამონგრეულია.“
ქადაგიშვილის თქმით, ბენ ჰოჯესი ამჟამად ლობისტურ საქმიანობაშია ჩართული და ამ კამპანიის პირობებში გარკვეულ პოლიტიკურ მხარეს უჭერს მხარს, მისი პასუხისმგებლობა ნულია და რა განცხადებასაც უნდა, იმ განცხადებას გააკეთებს.
„პენსიაზე ვიდრე გავიდოდა, თავის დროზე, საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, როგორც სამხედრო პირს და ალბათ იმის შესაძლებლობა აქვს, რომ უფრო პოპულისტური განცხადება კი არ გააკეთოს, არამედ სიღრმისეული შეფასება. როცა ის იყო ნატო-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში, მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა, როცა უკვე პასუხისმგებელი პირი არ არის, იოლია, რომელიმე ქვეყანაზე ასეთი განცხადებები ადვილად გააკეთო. მას რეალობა თუ აინტერესებს და არა გარკვეული პროექტის პროპაგანდისტობა, საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვედროდა და უფრო ადვილად აღიქვამდა იმას, რაც ერთ დროს მაღალი თანამდებობის მქონე გენერალს ესმოდა საქართველოს პოზიციაზე. ახლა ეს ადამიანი პენსიაზეა გასული, ლობისტურ საქმიანობაშია ჩართული და ამ კამპანიის პირობებში გარკვეულ პოლიტიკურ მხარეს უჭერს მხარს და მისი პასუხისმგებლობა ნულია. რა განცხადებასაც უნდა, იმ განცხადებას გააკეთებს. ის არის ოპოზიციურ ლობისტურ მოქმედებაში ჩართული პირი და ოპოზიციისთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს. საზოგადოებამ მარტივად უნდა გააცნობიეროს, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამყარო ამაზე არის დამოკიდებული, მას აქვს თავისი პოლიტიკური მიზანი და ინტერესი და მისი პოზიციაც ამ ინტერესიდან გამომდინარეობს. შეიძლება, ფინანსური ინტერესიც ჰქონდეს, ამის დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ, როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე ხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.