ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინაში ჩასვლა, მათთვის სოლიდარობის გამოხატვა არც „ქართული ოცნებისთვის“ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის
ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინაში ჩასვლა, მათთვის სოლიდარობის გამოხატვა არც „ქართული ოცნებისთვის“ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის

საქართველო სამწუხაროდ გულდასაწყვეტია რომ დადანაშაულებული იქნა მთელ რიგ შემთხვევებში ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის მიმართ არის ცალსახა, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატულია უარყოფითი დამოკიდებულება ომის მიმართა და უკრაინის მხარდაჭერა.

„რაც შეეხება გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციებს, ეს კონკრეტული სიტუაციები ჩვენ უნდა განვიხილოთ ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჭრილშიც. საქართველო სამწუხაროდ, გულდასაწყვეტია, რომ დადანაშაულებული იქნა მთელ რიგ შემთხვევებში ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ყველა ქვეყანას აქვს, მიუხედავად უდიდესი სოლიდარობისა, გარკვეული ეტიკეტი ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირები როგორ მოქმედებენ. რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, მათთვის სოლიდარობის გამოხატვას, ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის. ეს პრობლემაც ჩვენ წინაშე არ დგას. მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი წერილობითი პოზიცია დააფიქსირა“, – განაცხდა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოსა და უკრაინას შორის დაძაბულობა მხოლოდ რუსეთს არგებსო, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა: „მეც გეთანხმებით, რომ ასეთი მდგომარეობა არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში“.

მისივე თქმით, მთელი რიგი საკითხები და ბრალდებებია, რომლებიც წარმოიშვა საქართველოს მისამართით, ბუნებაში არ არსებობს.

„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ყველაზე კარგად იციან და მათ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი პოზიცია გამოხატეს. დღეს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. გარკვეული კომუნიკაციის განახლებისა და გააქტიურების თემა დგას. იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემები, რომლებიც სწორ ადგილზეა წარმოთქმული, რომელიც არ შედის არავითარ შემთხვევაში არც ერთი მხარის ინტერესში, იქნება აღმოფხვრილი. გამომდინარე აქედან, ვიმეორებ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენთან შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის აქტიურად ხდება სპეკულირება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ არის სასურველი“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.