ირაკლი ქადაგიშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გავაჩეროთ
ირაკლი ქადაგიშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გავაჩეროთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ ქვეყანაში მოსამართლეების დანიშვნა უნდა გაჩერდეს.

დეპუტატის თქმით, სასამართლო რეფორმის პარალელურად, საჭიროა სასამართლო კორპუსის შევსებაც.

„შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გავაჩეროთ, ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, მოვახდინეთ ახალი კანონპროექტების ინიცირება და დამატებით ფანჯარა გავხსენით, რათა ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონოდა, თავიანთი განცხადებები შემოეტანათ მოსამართლეობასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ღიაა. ქვეყანაში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია და მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიმართ მოქალაქეებს აქვთ, ისაა, რომ სასამართლო პროცესები წარიმართოს სწრაფად. ამისათვის საჭიროა სასამართლო რეფორმის პარალელურად, სასამართლო კორპუსის შევსებაც მოხდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატებს შეარჩევენ.