იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატებს შეარჩევენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატებს შეარჩევენ

უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა იწყება, რომელზეც უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატები უნდა შეარჩიონ. ცხრაკაციანი სია საბჭოს წევრებმა პარლამენტს უნდა წარუდგინონ.

გარდა ამისა, საქალაქო, სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებში ჯამში 90-მდე ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეები უნდა დაინიშნონ. ზოგიერთი მათგანი პირველად ინიშნება, ზოგიერთს კი ვადა უხანგრძლივდება.

ამ პროცესს აპროტესტებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ერთ დღეში ამ რაოდენობის დანიშვნები მიზანშეწონილი არ არის.  გარდა ამისა, ჯანეზაშვილის განცხადებით, ირღვევა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მთავარი პრინციპები.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო სისტემაში არსებულ დაახლოებით 100 ვაკანსიაზე. ეს არის პრობლემური და არამიზანშეწონილი, ვინაიდან ეს საკითხები ეხება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენას პარლამენტში ცხრა ვაკანსიაზე, ამავდროულად დაახლოებით 90 ვაკანსიაზე გადაწყვეტილების მიღებას – დაინიშნება თუ არა ესა თუ ის პირი მოსამართლის თანამდებობაზე. ამავე დროს, სიაში არიან ისეთები, რომლებსაც უბრალოდ ვადა გაუგრძელდებათ, თუკი ისინი დაინიშნებიან და გახდებიან უვადო მოსამართლეები. პრობლემურია ეს, რადგან ამ პროცესს არ ჰქონდა ნდობა, იყო ნეპოტიზმი. მეორე მხრივ, ერთ დღეში ასე ქარხნული წესით ადამიანების დანიშვნა, ასე მასშტაბური გადაწყვეტილების მიღება ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი. მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს, მაგრამ არაფერი შეჩერებულა. საბჭომ ბოლო პერიოდში ძალიან ფორსირებულად წარმართა ეს პროცესი. მას შემდეგ რაც დოკუმენტზე ხელმოწერა მოხდა, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ეს პროცესი. ის, რასაც აკეთებს საბჭო დღეს, არ არის ამ ქვეყნის ინტერესებში და ამიტომაც ჩაიწერა მიშელის დოკუმენტში, რომ პროცესი უნდა შეჩერებულიყო.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნეპოტიზმის შემთხვევები, რისი ძალიან კარგი მაგალითია გზირიშვილის შვილი. ლევან გზირიშვილი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს ჩემთან ერთად აირჩია არამოსამართლე წევრად. ეს ადამიანი დაუახლოვდა კლანს და ისე მოხდა, რომ მისი შვილი ამის მერე გახდა სასამართლო სისტემის თანამშრომელი, დღეს უკვე ხდება მოსამართლე. ეს არის ჩვეულებრივი ნეპოტიზმი, რომელსაც ვფიქრობ, რომ საზოგადოებისგან უნდა ჰქონდეს სათანადო რეაგირება. ახალგაზრდა ადამიანებს, დამწყებ იურისტებს თუ პერსპექტიულ ადამიანებს, თუ მამა არ ჰყავთ, დედა ან ახლო ნათესავი სისტემაში, სასამართლოში მუშაობას ვერ დაიწყებენ“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, შერჩევების პროცესი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა არ ითვალისიწინებს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს.

დატოვე კომენტარი