ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ იქნება შავი ხვრელი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს
საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ იქნება შავი ხვრელი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის დღევანდელი განცხადება, სადაც ის ამბობს: „დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში, საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს შავი ხვრელი ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც არის მაგალითად, ტაჯიკეთი“.
„ზოგადად საუბარი იყო, არსებობს თუ არა საფრთხეები, რომ რუსეთმა საქართველოს ღია ეკონომიკა სანქციების არიდების გზად გამოიყენოს. საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ეს არ მოხდება და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არის ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ იქნება შავი ხვრელი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისტორიის ნათელ მხარეს.
ოპოზიციამ რაც არ უნდა გვაბრალოს, რომ შავი ხვრელები არსებობს პუტინისთვის იარაღების მისაწოდებლად, მგონი, ამ აბსურდზე საუბარი ქართულ მედიასივრცეშიც და საზოგადოებაშიც სამუდამოდ უნდა დავამთავროთ, რადგან ეს დამაზიანებელია მთლიანად ქვეყნისთვის. ძირითადი არის საბანკო ოპერაციები, რითაც ხდება სანქციების არიდება. ტვირთების გადაადგილება ვერ მოხდება. როგორც კი, სანქციების საკითხი დადგა, მაშინვე „ვითიბი ჯორჯიას“ დახურვა მოხდა და ყველა იურიდიული, კერძო პირი სხვადახვა საბანკო სისტემაში გადანაწილდა. ეს ერთი მაგალითია, რაზეც საქართველომ რეაგირება გააკეთა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.